ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა: ე.წ. დიეტებზე ყოფნისგან დასუსტებული ორგანიზმი ბევრად ადვილად იღებს კორონავირუსს

მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების რისკს კვალიფიკაცია შეუცვალა და “ძალიან მაღალი” გახადა.
რისკის ზონაშია საქართველოც, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კიდევ მესამე დაინფიცირებული დაფიქსირდეს და მოსახლეობას მაქსიმალური პრევენციის ზომებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად არაერთგზის გაკეთებული განცხადებისა,   დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და ზუსტად გაწერილი გაიდლაინები. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად  ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს.

როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები, რომელიც  ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებობს, ამის შესახებ „აიპრესი“ ენდოკრინოლოგის ლაშა უჩავას რეკომენდაციებს გთავაზობთ.

ექიმის თქმით, მასობრივი პანიკის საფუძველი არ არსებობს. მთავარია პრობლემის სწორად მართვის ცოდნა. იმუნიტეტისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრება, რომელშიც იგულისხმება ყველა მიკრო და მაკრო ელემენტის მიღება, რომელიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. ამაში შედის: ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები და საკვები ნუტრიენტები. ე.წ. დიეტებზე ყოფნისგან დასუსტებული ორგანიზმი ბევრად უფრო ადვილად იღებს კორონავირუსს, ამიტომ ექიმი მისგან თავის შეკავებას გვირჩევს. ყოველდღიურ რაციონში ჩართული უნდა იყოს: რძის პროდუქტები, ხილი,  ბოსტნეული და ხორცი. ბუნებრივია რძეში იგულისხმება პასტერიზებული რძე, რომელიც ნებისმიერი სახის, ყოველღიურ რაციონში ისედაც აუცილებელი პროდუქტია.

ექიმის განმარტებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, პირადი ჰიგიენის დაცვა და იმუნიტეტის გაძლიერება. ის პირბადეებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზეც გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული პირბადეები, რომელთა დეფიციტიც რამდენიმე დღეა აფთიაქებში შეიქმნა ამ აჟიოტაჟის გამო, არ წარმოადგენს ვირუსისგან თავის დაცვის უპირობო გარანტიას. ის მიიჩნევს, რომ იმუნური სისტემის ამაღლებაზე ზრუნვა უფრო ძლიერი ბერკეტია ამ მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად.

ლაშა უჩავა: ის პირბადეები, რომელზეც ატეხილია აჟიოტაჟი , სამწუხაროდ არ არის იმის ერთადერთი გარანტია, რომ კორონავირუსი არ დაგვმართება.  თვითონ ვირუსი იმდენად პატარა ნაწილაკია,  შესაძლებელია მოხვდეს ამ პირბადეშიც კი. უმრავლესობამ პირბადის სწორად გამოყენება არ იცის.  არ იციან, თუ რომელი მხრიდან უნდა გაიკეთონ, ზოგჯერ დადიან პირბადით და ზედა სასუნთქი ორგანო თავისუფალია. თუ იმ პირბადეებზე ვისაუბრებთ, რომელიც დღეს ბაზარზეა უნდა ვიცოდეთ, რომ  მათ სჭირდებათ დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოცვლა, სასურველია 2 საათში ერთხელ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირბადე ეკეთოს იმას, ვინც დაინფიცირებულია და არა იმას ვინც დაინფიცირებული არ არის, რადგან სუფთა ჰაერის მიღება ბევრად უფრო საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის, ვინაიდან მეტაბოლიზმი და იმუნიური სისტემა იყოს აქტიური.“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

ლაშა უჩავა მიიჩნევს, რომ წინა წლებთან შედარებით, ინფორმაციულობის დონე საზოგადოებაში ბევრად უფრო მაღალია, რაც რისკს ამცირებს.

„სტატისტიკურ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, წინა წლებთან შედარებით, როდესაც H1N1 ტიპის ვირუსი იყო გავრცელებული, დღევანდელი მონაცემებით  პანიკის საფუძველი არ არის. მაგრამ მსოფლიო სტატისტიკზე თუ ვისაუბრებთ, ინფორმაციის მოწოდება ამ ეტაპზე ბევრად უფრო მაღალ დონეზეა. საკვებ პროდუქტებთან და ნიღბებთან მიმართებაში რაც ხდება, არ შეესაბამება იმ საშიშროებას, რაც არსებობს. უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომ იმუნური სისტემა იყოს მძლავრი და გამკლავება მოხდეს აღნიშნულ ვირუსთან. მსოფლიოში ბევრი დადასტურებული შემთხვევაა, როცა ყოველგვარი პრეპარატის გარეშე მოხდა ვირუსის დამარცხება და ეს დამოკიდებულია სწორედ რომ ჩვენს ძლიერ ორგანიზმზე.

ძირითადი რეკომენდაციები იქნება პირადი ჰიგიენის დაცვა, ასევე უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე  და სხვა ადამიანებსაც დავუტოვოთ საკვები პროდუქტები და პირბადეები. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორ  კვებას, ფიზიკურ აქტივობას და წყალს – ეს ერ-ერთი გარანტია, რომ ორგანიზმი იყოს ძლიერი.“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად