ენდი ბარბლიშვილი: ხატვა სასიამოვნო ავადმყოფობაა… გარემოს ჩემებურად აღვიქვამ, არც წესი მაქვს და არც მეთოდი…

“მე რომ მხატვარი ვარ, ვუმადლი იმ ბავშვობის წლებს, რომელიც სოფელში გავატარე და იმ გარემოს, სადაც ამ სილამაზეს და ფერებს ვხედავდი. გარემოს ჩემებურად აღვიქვამ, არც წესი მაქვს და არც მეთოდი…

ვხატავ როოგორც მინდა და რაც მინდა. როცა ვხატავ, თავისუფალი ვარ, რაც ყველაზე მეტად მომწონს და არავინ მზღუდავს“ – ამბობს „აიპრესთან“ ინტერვიუში მხატვარი ენდი ბარბლიშვილი, რომლის ძალიან სადა და თავმდაბალი ფერები, მესხეთიდანაა წარმოშობით …

ენდი, რა არის თქვენთვის მხატვრობა?

მხატვრობა ჩემთვის ყველაფერია. მხატვრობა არ არის მხოლოდ ხელოვნება, ეს არის სულიერი განწყობა. ნამუშევრებში ვცდილობ გადმოვცე სხვადასხვა ემოციები, რომელიც ხატვის დროს მეუფლება. წინასწარ არასდროს ვიცი რა გამოვა. ეს ყველაფერი ბოლოს იძენს ფორმას. ჩემი ფერწერა მინდა იყოს განათებული და დახვეწილი. უბრალო ფერები სანახაობად მინდა ვაქციო. ვცდილობ ფერების ერთმანეთთან შეხამებით დაკავშირებას.

თქვენი მხატვრობის ისტორია საიდან იწყება?  ნახატები არ არის გადატვირთული, ძალიან სადაა, თავდბალი, მსუბუქი…

მხატვრობის სიყვარული ალბათ  ბავშვობიდან მომყვება. ხუთი და-ძამა ვიყავით, ჩემს გარდა არცერთი  ხატავდა. მე სულ რაღაცას  ვხატავდი, ვჯღაბნიდი, ხან კედელზე, ხან წიგნების ყდებზე. ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც სილამაზე იყო. ძალიან ლამაზ სოფელში ვიზრდებოდი. ახლოს ულამაზესი უზარმაზარი ეკლესია იდგა, რომელიც თავიდან კათოლიკური იყო, მოგვიანებით კი მართმადიდებლურ ტაძრად გადაკეთდა.

ანუ, ამ გარემომ, სოფლის სილამაზემ,  თავისი გავლენა მოახდინა თქვენზე…

რა თქმა უნდა. გათენდებოდა თუ არა, გამოვიდოდი გარეთ და ამ  ეკლესიას ვუყურებდი, ძალიან ახლოს იყო. მერე შორს  სასწაული ფერები ჩანდა. საერთოდ მესხეთში, ძალიან ლამაზი ფერებია. ჩემი ხელწერა იქაურია, მესხურია. მაგალითად  კახეთში  არის ძალიან დამჯდარი ფერები. ერთი მეგობარი მყავს, ნინო მერაბიშვილი და ის რომ ხატავდ,ა სულ გემოვნებიანი, მსუყე ფერები ჰქონდა,  მე ცოტა მსუბუქი ფერები მაქვს და იქიდან დამყვა ალბათ.

თქვენი საყვარელი  ფერი მაინც რომელია?

ალბათ წითელი.

რა არის თქვენთვის აბსტრაქცია მხატვრობაში?

გამოგონილს და რეალურს ერთად გადმოვცემ ზუსტი ნატურალიზმით. აბსტრაქცია უნდა ასახავდეს არა გარეგან, არამედ სულიერ სამყაროს. იმპულსებს ყოველდღიური შთაბეჭდილებებით ვიღებ. ის სილამაზე, რომელსაც მე ვხედავ, მინდა სხვებმაც დაინახონ და გაიზიარონ. მე ვიპოვე ორიგინალური გზა, საიდანაც მკაცრი სინამდვილის მიღმა მიმალულ მშვენიერებას ვხედავ.

გარემო ახსენეთ, ბუნებრივი გარემოს გარდა, ალბათ ადამიანურ გარემოსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რა თქმა უნდა. მესხეთში ძალიან მოწესრიგებული ხალხი ცხოვრობს. წესიერები და პატიოსნები ყველგან არიან, მაგრამ მესხეთში უფრო იგრძნობა ეს.

ყველა მხატვრის ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელსაც მისთვის მიუცია სტიმული,  ბიძგი  ხელოვნებაში, რომ უფრო წინ წასულიყო, უფრო თვითდაჯერებული გამხდარიყო, უფრო მყარად მოეკიდა ფუნჯისთვის ხელი. თქვენ თუ გყავდათ ასეთი მხადამჭერი?

ჩემთვის პირველი იყო მამაჩემი, რომელიც ხატავდა, ძალიან ლამაზად წერდა. მას ძალიან მოსწონდა ჩემი ნამუშევრები. მახსოვს  პირველად რომ მომიტანა აკვარელი და  ფურცლები, ეს იყო დიდი ბედნიერება ჩემთვის.  მერე, მთელი ოთახის გაფორმება მე გამაკეთებინა, რაც დიდი სტიმული იყო ჩემთვის. სკოლაშიც ყველას მოსწონდა ჩემი ნახატები, კლასელები ამაყობდნენ რომ ამხანაგი მხატვარი ჰყავდათ. პირველ წელს ვერ მოვხვდი აკადემიაში და ობსერვატორიაში დავიწყე ლაბორანტად მუშაობა, სადაც ჩემი ძმა და რძალი ასტრონომები იყვნენ. მარინა გიგოლაშვილი  იყო ასეთი ასტრონომი, რმელსაც ხატვა უყვარდა და  სულ ერთად ვხატავდით რაღაცეებს. იმდენად მოსწონდათ ჩემი ნახატები, ყველა მეფერებოდა. ევგენი ხარაძესთან, ელენე მაჩაბელთან ვახლობლობდი. ხარაძემ წიგნიც კი გამაფორრმებინა. იმ წელს ჩავირიცხე აკადემიაში და ზაფხულობით მავალებდა რაღაცეების გაკეთებას. მერე, აკადემია რომ დავამტავრე,თეატრში დავიწყე მუშაობა.

აკადემიის პერიოდია საინტერესო, მაშინ ცოტა რთული დრო იყო…

ჩარიცხვას თუ გულისხმობთ, ურთულესი იყო.

იმიტომ ხომ არა, რომ 80-ან წლებში უძლიერესმა მხატვრებმა მოიყარეს ერთად თავი და ამბობენ, რომ ხშირად იყო ბრძოლა წესების გარეშე…

მე ვიტყოდი, რომ არ არსებობდა წესები, ძალიან ბინძური მეთოდები იყო. აი, მაგალითად აკადემიაში უნდა მიეღოთ 5 კაცი და ამ დროს ბევრი აბარებდა.მე კარგი ნახატები მქონდა ნამდვილად, არავინ  მყავდა მასწავლებელი, უბრალოდ ვერ ჩამჭრეს. ესე იგი, ისეთი ხალხი ჩარიცხეს… მე კი თავისუფალ მსმენელად ჩამრიცხეს და  არა მარტო მე, დღეს ძალიან ცნობილი მხატვრები.

რადგან ამ თემას შევეხეთ, მინდა ავღნიშნო, რომ აპოლონ ქუთათელაძე, ძალიან კარგი ადამიანი იყო.

აპოლონის დიდი მადლობელი ვარ. აკადემიაში, რომ არ ჩამრიცხეს, კულტურის მინისტრთანაც  შევედი. დაურეკავს აკადემიაში, ჩემზე უკითხავს რატომ არ რიცხავთო.ერთი სიტყვით, აპოლონს გადასცეს ეს ყველაფერი და ასე მოვხვდი აკადემიაში თავისუფალ მსმენელად…

როგორი იყო აკადემია მაშინ, შემოქმედებითი თვალსაზრისით? იგრძნობოდა საბჭოთა კავშირის მარწუხები?

ძალიან კარგი მხატვრები მასწავლიდნენ. მაინც და მაინც რუსული გავლენა არ იგრძნობოდა. მაგრამ ამავე დროს იყვნენ მეამბოხეები, მაგალითად ედმონდ კალანდაძე  დაპირისპირებული იყო მთელი აკადემიის მხატვრებთან, მათ მარწუხებში არ მოექცა.

ახლანდელი გადასახედიდან, ეს იყო რეჟიმი, რომელიც ახრჩობდა და ხელს უშლიდა შემოქმედ ადამიანს? თქვენ შეგეხოთ ეს ყველაფერი?

მე პირადად არ შემხებია, იმიტომ რომ ჩემი პედაგოგები გვკარნახობდნენ, როგორ უნდა გვეხატა.

ყველა მხატვარი მიყვება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რეჟიმი იყო, რატომღაც არ ვრცელდებოდა ქართველ მხატვრებზეო.

თვითონ არ ივრცელებდნენ, თორემ როგორ არ ვრცელდებოდა. იქ ისეთი მეამბოხეები იყვნენ, საერთოდ არ ემორჩილებოდნენ წესებს.

ფიქრობთ, რომ რაღაცა გამოტოვეთ, რაზეც გული გწყდებათ?

ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა მეხატა. თეატრში რომ დავიწყე მუშაობა, 10 წელი დავკარგე. კი, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო იქ მუშაობა, წლის საუკეთესო მხატვრის პრემიაც მაქვს აღებული, რითაც ვამაყობ ნამდვილად, მაგრამ ამ პერიოდში ვერ ვხატავდი საერთოდ, ძალიან ბევრ პექტაკლებს ვაფორმებდი და ეს პროცესი ურთულესი იყო. თან მესხეთში  ვიყავი, იქ ძალიან უჭირდათ ფინანსურად და სად არ დავრბოდი, რომ ლამაზი დეკორაცია გამოსულიყო. სსხვათა შორის ჩემით დაიწყო გარკვეული სიახლეები მესხეთის თეატრში.

როდის გადაწყვიტეთ,  თბილისში გაგეგრძელებნათ თქვენი საქმიანობა?

თბილისში გავთხოვდი და ასე რომ არ მომხდარიყო, შეიძლება თბილისში არ წამოვსულიყავი.ის ათი წელი ნამდვილად დაკაგული იყო, იმიტომ რომ უამრავი სპექტაკლის დეკორაცია მქონდა გაკეთებული და ორია მხოლოდ დასურათებული.

როდის განაახლეთ ნახატებზე მუშაობა?

როდესაც ჩამოვედი. ყველაფერს ვხატავდი და უკვე 30 წელია რაც ვხატავ. დღე არ  გავა, რომ რამე არ დავხატო, ხატვა ავადმყოფურად მიყვარს. ეს არის კარგი, სასიამოვნო ავადმყოფობა. ყოველთვიურად ხელფასს არავინ გიხდის, მაგრამ მადლობა ღმერთს,  ნახატები ხანდახან იყიდება.

მოკრძალებული ფერებით ხატავთ და მხატვარიც ასეთივე ხართ, არ გიყვართ ფართო მასებში გამოჩენა. რატომ?

ასეთი ვარ, ძალიან მოკრძალებული. თან ძალიანაც მინდა ფართო საზოგადოებამ ნახოს ჩემი ნამუშევრები. გამოფენებს კი ვაკეთებ, 4-5 გამოფენა მაქვს გაკეთებული…

არის ისეთი ნახატი, რომელსაც არასდროს არ გაყიდით?

ამას წინათ გაიყიდა ნახატი, წითელ ფერებში იყო, ძალიან დამენანა, მაგრამ რა ვქნა…

ისეთი ნახატი, რომელსაც არასდროს გავყიდი,არ მაქვს. თან მიხარია, რომ იყიდება, ესეიგი მოსწონთ.

რომ ხატავთ, რაზე ფიქრობთ ხოლმე?

ამ დროს  არაფერი არ მესმის, ხმაურიც კი არ მესმის. მხოლოდ ფერებზე, მათ შეხამებაზე ვფიქრობ.ეს მთელი ფილოსოფიაა, რთული პროცესია. არავისზე ცუდს არ ვამბობ, მაგრამ ნამუშვრებს რომ ვნახულობ, მაგალითად ყრია ფერები, მე ცოტა მოწესრიგება მიყვარს. ვფიქრობ, ნახატი ცოტა მოწესრიგებული უნდა იყოს. ახლა აბსტრაქციაში ვარ გადართული. მერე შეიძლება სხვა რამეზე გადავერთო.

  ბევრ მხატვარს არ აქვს წილად იმის ბედნიერება, რომ მისი ნახატები იყოს მარადიული. არადა ყველა მხატვრის ოცნებაა ეს. რა არის  თქვენი აზრით  მარადიულობა ნახატებში?

ალბათ, დრომ უნდა აჩვენოს ეს. მარადიულობა კარგია, იმიტომ რომ შენი ნახატი რჩება. ძალიან მიყვარს  ვან-გოგის ნამუშევრები, ვგიჟდები.  საუკუნეების წინ შეიქმნა და ძალიან კარგია რომ დარჩა.

30 წელი ცოტა არ არის მხატვრობაში… ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი  ახალგაზრდა თაობა და რას ურჩევდით მათ?

მეც ვუყურებ  ხოლმე თანამედროვე ნახატებს,  მგონია, რომ ისინი თანდათან დაიხვეწებიან. რაღაც ექსპერიმენტია ეს პროცესი. ახლგაზრდებმა ყველანაირი ეტაპი უნდა გაიარონ და ბოლოს შეჯერდებიან, შიგნით რაც არის ის გამოვა გარეთ.

რა არის თქვენი ოცნება, რას ინატრებდით, რა გინდათ რომ გქონდეთ?

მატერიალურს არაფერს. ასე მგონია, რაც მჭირდება ყველაფერი მაქვს.ისე ვინატრებდი გამოფენების მოწყობას. მინდა გაიყიდოს ნახატები,  ფულის გამო არა ნამდვილად. ერთმა ბიზნესმენმა 5 ნახატი აარჩია, ერთი თავად ვაჩუქე. ახალციხეში გამართულ გამოფენაზე, სადაც 7 მხატვარი ვიღებდით მონაწილეობას, ერთმა იტალიელმა ტურისტმა, კარგ ფასში შეიძინა ჩემი ნამუშევარი, გამიხარდა ძალიან. მინდა,  ჩემი ნახატები შეიყვარონ ადამიანებმა, ეს ძალიან სასიამოვნოა.

არ ვხატავ  ნახტებს სპეციალურად “გასაყიდად”, იმიტომ რომ ეს ხელოვნების მოყვარულთა შეურაცხყოფაა. მე ყველა ნახატში ვდებ ჩემს უდიდეს ემოციას…

მე მიყვარს და ვხატავ, მინდა ძალიან კარგი გამოვიდეს, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. სხვათა შორის, იმ იტალიემა ტურისტმა, რომელმაც ჩემი 4 ნახატი იყიდა, მითხრა გამომიგზავნე ნახატებიო და რომელიც ძალიან მომწონდა, ის ავარჩიე. მან  არჩევანი ორ ნახატზე შეაჩერა, რომელიც გაყიდული იყო და მითხრა, თუ შეგიძლია ასეთი გამიკეთეო, დავთანხმდი. ვაიმე, ზუსტად ორი თვე ვხატე და არ გამოვიდა ზუსტად ისეთი. ალბათ გასაყიდ ნახატებს თავისი სპეციალისტები ქმნიან…

 

 

კომენტარები
იტვირთება...