ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს

ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში განხორციელებულ ღონისძიებებს – საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროებში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საქართველოსა და საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრა.

ემანუელ მაკრონმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ვირუსთან ბრძოლის პროცესში გატარებულ ეფექტიან ზომებს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ყველას დაანახა, რომ საქართველოს მაღალი დონის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ეს სისტემა საფრანგეთთან თანამშრომლობით კიდევ უფრო გაძლიერდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნულ წინადადებას საინტერესო უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირმა საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში საუბარი შეეხო ასევე, ევროპისათვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ტრანსპორტირების, საკაბელო სისტემების (კავშირგაბმულობის) და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტმა კრიზისის შემდგომ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და მიესალმება საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე და ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტის გადაჭრის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად