ემანუელ მაკრონი თურქეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები კვიპროსის სანაპიროებთან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თურქეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკანონო აქტივობა ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, კვიპროსის სანაპიროებთან. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ამ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიციის შენარჩუნებას.

„მინდა კვლავ გამოვხატო საკუთარი სოლიდარობა კვიპროსის მიმართ და მხარი დავუჭირო მის სუვერენიტეტს. თურქეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მალტაში გამართული სამიტის შემდეგ.

თურქულმა გემმა „ფატიხმა“, 3 მაისს, კვიპროსის დასავლეთით, გაზის ჭაბურღილის ბურღვითი სამუშაოები დაიწყო. 1974 წელს, კვიპროსზე თურქული სამხედროები შეიჭრნენ და ძალის გამოყენებით დაიკავეს კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი. 1983 წელს, თურქეთმა კუნძულზე თურქეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიად გამოაცხადა თავი, რომელიც მხოლოდ ანკარამ აღიარა. სამხრეთ ნაწილში კი, ძალაუფლება კვიპროსის ხელისუფლებას დარჩა.

კვიპროსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქული გემი, ქვეყნის საზღვრიდან 36,5 საზღვაო კილომეტრის მოშორებით ახორციელებს სამუშაოებს. გაერო-ს კონვენციის თანახმად, საზღვაო კანონის მიხედვით, რომელიც აღიარებულია ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ზონის ფართობი შესაძლოა იყოს 200 საზღვაო კილომეტრამდე.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კვიპროსის ბერძნული მხარის მიერ გაცემულ ორდერს, რომელიც თურქული გემისა და მისი ეკიპაჟის ყველა წევრის დაკავებას ითვალისწინებს, ანკარასთვის სამართლებრივი ძალა არ აქვს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს მაინც მოხდება, ანკარა ამას შესაბამისი მოქმედებით უპასუხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...