ემანუელ მაკრონი: აზერბაიჯანი შეიჭრა სომხეთის ტერიტორიაზე – იგი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს უკან

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, აზერბაიჯანს მოუწოდა, სასწრაფოდ გაიყვანოს სამხედრო ძალა სომხეთის სასაზღვრო არეალიდან, სადაც ისინი შეიჭრნენ.

“აზერბაიჯანის სამხედრო ძალები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი დაუყოვნებლად უნდა გავიდნენ უკან”, – დაწერა მაკრონმა თავის ფეისბუკში და შემდეგ ამას მოაყოლა სომხურ ენაზე დაწერილი პოსტი, რომელშიც სომხეთის ხალხისადმი მხარდაჭერასა და სოლიდარობაზეა საუბარი.

მანამდე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი დაძაბულობის თაობაზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული სამხედრო ძალის დაუყოვნებლივ გაყვანის აუცილებლობას“, – ნათქვამია ემანუელ მაკრონის ოფისის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

13 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სიუნიქის რაიონში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარე სევის ტბის გარშემო რჩება 250 აზერბაიჯანელი სამხედრო, რომლებმაც საზღვარი დაარღვიეს და სომხეთის ტერიტორიაზე 3.5 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ.

აზერბაიჯანი უარყოფს, რომ მისი სამხედროები სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ, სასაზღვრო ძალები თავიანთ ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

ბაქოს თანახმად, საუბარია სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინის და ქელბაჯარის რაიონების იმ ნაწილზე, სადაც რთული მთიანი რელიეფი და არახელსაყრელი კლიმატური პირობებია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესაზღვრეების პოზიციებზე დაბრუნების პროცესი ჩვეული რეჟიმით, სისტემატურად ხორციელდება, სომხეთთან საზღვრის დაცვის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები კი ეფუძნება ორივე მხარის განკარგულებაში არსებულ რუკებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...