A1 ბანერი

ელოშვილი: ელიავას ბაზრობის მფლობელებს თავად სურთ ამ ტერიტორიაზე რეკრეაციულ-გასართობი ზონის მოწყობა

თავის ვიდეორგოლში ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ელიავას ბაზრობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბაზრობა ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს და იქ არსებული ინფრასტრუქტურა უნდა შეიცვალოს. კახა კალაძის ამ გადაწყვეტილებას ეთანხმებიან თავად ელიავას ბაზრობის მფლობელებიც. ამის შესახებ მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.

“მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია ელიავას ბაზრობის მფლობელებთან. არიან ძალიან გახსნილები, ისინი თავადვე გრძნობენ დისკომფორტს, რაც არის შექმნილი ამ არეალში. მათი სურვილია გადააქციონ ეს ტერიტორია რეკრეაციულ, გასართობ ზონად. გრგ-ც არის საკრებულოში და მოგვიწევს ჩამოყალიბება ამ საკითხზე. თუ გადავწყვეტთ, რომ ეს ტერიტორია განვითარდეს იმ თანამედროვე ხედვებით, რაც აქვთ მათ, ჩემი სურვილია კონკურსი გამოცხადდეს არქიტექტურული და წავიდეთ წინ” – განაცხადა ილია ელოშვილმა.

“მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანია სავაჭრო ცენტრის არსებობა არასებობის საკითხთან ბრძოლას ჯობია ვებრძოლოთ იმას, როგორც ეს დღეს არის. შეიძლება ხდებოდეს გარკვეული პროდუქციის რეალიზება, მაგრამ არა ისე, როგორც არის, არამედ არ უნდა აუარესებდეს გარშემო საცხოვრებელ პირობებს. მთავარი ფოკუსი მუნიციპალიტეტს ამ საკითხის მიმართ უნდა ჰქონდეს. არ ვაპირებთ იმასთან შეგუებას, რაც დღეს არის. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, რომელსაც უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას” – აცხადებს მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.

გენგეგმის დამტკიცების მოახლოებასთან ერთად, ელიავას ბაზრობის საკითხი ისევ გააქტიურდა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც “სითი ინსტიტუტმა” შექმნა მერიის დაკვეთით, ელიავას ბაზრობა, მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს დეგრადირებას იწვევს. პროექტის ავტორები კერძო საკუთრების გადატანის და იქ რეკრეაციული ზონის გაშენების რეკომენდაციას იძლევა.

კახა კალაძემ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად არაერთხელ აღნიშნა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კონკრეტიკას არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, გენგეგმაში წერია, რომ უნდა განისაზღვროს, როგორ და ფორმით უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება.

კალაძის განცხადებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

“ზოგიერთი სააგენტო ავრცელებს არასწორ ინტერპრეტაციას და არასწორ ინფორმაციას ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. არავის მივცემთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის უფლებას და შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვაკეთებ განმარტებას. ელიავას ბაზრობის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს ამას.

ჩვენ მეპატრონეებს შევხვდებით. აქ ორი მიმართულებაა – თუ მოხდება ბაზრობის გადატანა, რა თქმა უნდა, მათი თანხმობა უნდა იყოს, რადგან ეს კერძო საკუთრებაა. ჩვენ მზად ვართ, გამოვყოთ ახალი ტერიტორია, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება; იმ სიმახინჯეების მაგივრად, რაც დღეს არსებობს, უნდა შეიქმნას და აშენდეს ახალი თანამედროვე, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ამ ადამიანებს შეეძლებათ იმ საქონლის გაყიდვა, რითაც დღეს ვაჭრობენ და არა ისე, როგორც დღესაა წარმოდგენილი. ეს პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ზოგადად ქალაქისთვის. გენერალური გეგმა ვერ იტყოდა კონკრეტიკას, ის ზოგადი დოკუმენტია”, – განაცხადა კალაძემ.

როდის ექნება თბილისს გენგეგმა? “აიპრესის” ამ კითხვას კახი კალაძემ რამდენიმე დღის წინ უპასუხა.

როგორ გადაწყდება და რა ბედი ეწევა იმ ხმაურიან და სკანდალურ გენგეგმას, რომელიც დაიწყო თქვენამდე და თქვენს შემდეგაც საკმაოდ დიდი დებატების ფონზე მიმდინარეობდა? თქვენ შექმენით ახალი ჯგუფი, რომლებმაც ფაქტობრივად 80% შესწორებები შეიტანეს იმ ვარიანტში, რომელიც თავის დროზე “სითი ინსტიტუტმა” წარმოადგინა. როდის ექნება დედაქალაქს გენგეგმა და რომელი ვარიანტი?!

დიახ, მართლაც ისე იყო, როგორც ამბობთ. გენგეგმის ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, ნამდვილად იწვევდა ჩვენს უკმაყოფილებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობდით და ყველა შეხვედრისას ვამბობდით, რომ მისაღები არ იყო ჩვენთვის ის დოკუმენტი.

რატომ თვლიდით, რომ მიუღებელი იყო?

პირველ რიგში, ამ დოკუმენტის განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი. უბრალოდ დოკუმენტი მიიღო იმისთვის რომ გენგეგმა ერქვას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეთი რამ. შემდეგ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა და ეს პირიქით, ქალაქს დააზიანებდა და რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვაზიანებდა. შესაბამისად ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან დაგვეხმარა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც ექსპერტები გამოგვიყვეს სპეციალურად. მერიიდანაც იყვნენ ჩართულები ადამიანები და მათ შორის, გენგეგმის დოკუმენტის შემქმნელებიც.

მთავრობის მიერ მოწონებულია გენგეგმა უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და ახლა მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციებზე. გენგეგმა რომ განვახორციელოთ, ამას სჭირდება შესაბამისი რეგულაციების დაწერა, ხო? ალბათ, თებერვლის შუა რიცხვებში უკვე მივიღებთ გენგეგმას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...