ელონ მასკი ევგენი დებსის წინააღდეგ ანუ რა იწვის ამერიკაში – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ამერიკელები უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში პირველად რუსების მონაწილეობის გარეშე, კერძო კომპანიის მიერ დამზადებული კოსმოსური ხომალდით ასტრონავტების კოსმოსში გაყვანას ეცდებოდნენ, ამერიკელი დემოკრატების ყველაზე ქარიზმატული პოლიტიკოსი ბერნი სანდერსი (მაგალითისთვის, მას ფეისბუკ-გვერდზე თითქმის ოთხჯერ მეტი მიმდევარი ყავს, ვიდრე დემოკრატებისვე სავარაუდო საპრედიზენტო კანდიდატს ჯო ბაიდენს),  ფეისბუკის საშუალებით გვეპატიჟებოდა ამერიკაში სოციალისტური პარტიის დამაარსებლის და ლიდერის, ევგენი დებსის ცხოვრების შესახებ ფილმის -„რევოლუციონერი“ ერთობლივ ყურებასა და განხილვაზე.

ევგენი დებსი, რომელიც თავით ფეხებამდე ბოლშევიკი იყო და ამაყობდა ამით (მისი სიტყვებია), სოციალისტური პარტიის მხრიდან 5 ჯერ იყო დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად ამერიკაში და ერთხელ, თითქმის მილიონი ხმის, ანუ 6%-ის მიღებაც კი მოახერხა. მისი სიტყვებია, ასევე: „კაპიტალისტებს ნაბიჯ-ნაბიჯ წავართმევთ რასაც შევძებთ და ვივლით ჩვენი დასახული მიზნებისკენ“.

 

ტრამპის ამერიკა

ამერიკული ხომალდის მიერ მისიის მშვიდობით შესრულების შემდეგ კვლავ შევიხედე ბერნი სანდერსის ფეისბუკგვერდზე. არცერთი სიტყვა ამ მოვლენაზე არ წერია. ანუ, ეს მოვლენა სანდერსის ხედვით ტრამპის ამერიკას განასახიერებს, რომელმაც მისდა სამწუხაროდ სერიოზულ წარმატებას მიაღწია და ამის რეკლამირებაში მონაწილეობას უბრალოდ ვერ მიიღებს. ამავე დღეს, „ტრამპის ამერიკა“ – ასეთი წარწერა ნამდვილად შემხვდა რამდენიმე ფოტოზე, სადაც პოლიციელი ძალადობს აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდზე, რომელიც მინესოტაში 25 მაისს, ამ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. გასაგებია, რომ ამერიკული რაკეტის ფიასკოს შემთხვევაში, სანდერსი იქნებოდა ერთერთი პირველთაგანი, რომელიც მიმართავდა ამერიკელებს გულდამწვარი მესიჯებით.

ბერნი! – პასუხი არ არის… ბერნი! პასუხი არ არის

დავუბრუნდეთ ისევ სანდესის ფეისბუკგვერდს. ის პირდაპირ, დაუფარავად ანგრევს ამერიკულ იდეას. ფაქტიურად ყოველი მეორე პოსტი ეძღვნება მდიდარი ამერიკელების კრიტიკას, უფრო ზუსტად კი იმ არსებული მოდელის ლანძღვას, რომელსაც ადამიანები გამდიდრებამდე მიყავს. ამავე დროს სანდერსი მოითხოვს ამერიკელებისათვის კრიზისის დასრულებამდე, ყოველთვიურად 2000 დოლარის გაცემას, ბინის ქირის საერთოდ გაუქმებას და ა.შ. თვალში მომხვდა ერთერთი მომხმარებლის კომენტარი: „მე მოხუცი ვარ, მაქვს სამი ბინა, ორს ვაქირავებ და მესამეში ვცხოვრობ. თუ ბინის ქირა არ იარსებებს, როგორ ვიცხოვრო?“ ამ ბლოგის ფოტოზე დაწერილი ტექსტის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიხსენებ მარკ ტვენს და ჰიპოტეტიურად მივმართავ სანდერსს: „ბერნი, როგორ იცხოვროს ამ მოხუცმა ამერიკელმა, რომელმაც დააგროვებული ფულით იყიდა სამი ბინა და ეხლა არ შეუძლია ბინების გაქირავება, ხოლო ის, რომ ბიუჯეტი ყოველთვის მოახერხებს 2000 დოლარის გადახდას უბრალოდ არ სჯერა? … ბერნი! – პასუხი არ არის… ბერნი! – პასუხი არ არის“.

ზოგადად, სანდერსს უყვარს სტატისტიკა და სისტემატიურად ითვლის ვინ რამდენი და როდის იშოვა. მას ისტერიკა მდიდარი ამერიკელების წინააღმდეგ დღეს არ დაუწყია. რად ღირს თუნდაც მისი ერთერთი ბოლო „მარგალიტი“, როდესაც მისი კამპანიისთვის შეწირული 500 დოლარი უკან დაუბრუნა ერთერთ მილიარდერს, რადგან არ სურს მილიარდერებისგან დაფინანსების მიღება. მტრის ხატი – მდიდარი ამერიკელის, ან უფრო კონკრეტულად, ამერიკული ოცნების სახით უკვე კარგად გამოკვეთილ კონტურებს იღებს. სახეზეა კოლოსალური დაშორება მის იდეებსა და ტრამპის პოლიტიკას შორის. ტრამპი ცდილობს ამერიკელი ბიზნესმენების, ანუ პროგრესის და განვითარების საფუძველის შემქმნელი ადამიანების (მათი წარმოების და ტექნოლოგიების) უკან ამერიკაში დაბრუნებას. რეალური განვითარების უმთავრესი საფუძველი ხომ სწორედ გონიერი ხალხის და  ჯანსაღი სისტემის ერთობლიობაა. სანდერსის იდეა კი მილიარდერების, კერძო მესაკუთრეების, ამერიკელების მიმართ დევნას გულისხმობს. დევნას, რომელმაც კონკრეტული ფორმები, ჩემის აზრით, ამ დღეებში უკვე შეიძინა.

შეურაცხყოფილი პროტესტი

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები ათეულობით ქალაქში გაიმართა. სამწუხაროდ საპროტესტო ტალღას უმეტეს შემთხვევებში მოჰყვა დარბევები და არეულობები, რომლის შედეგად დაიწვა სახლები, მანქანები, გაიძარცვა მაღაზიები, ასევე გაძარცვულ და განადგურებულ იქნა სხვადასხვა სახის კერძო ობიექტები, დაზიანდა და ნაწილობრივ დაიწვა ეკლესია, დაფიქსირდა ბინებში შეღწევის ფაქტები და ადამიანებზე, მათ შორის პოლიციელებზე ძალადობის შემთხვევები.

მინესოტაში, სადაც ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა პოლიციელის მხრიდან ძალის უხეში გამოყენების შედეგად და სადაც დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეამბოხეთა 80% სხვა შტატებიდანაა. სხვა დიდი ქალაქების ხელმძღვანელი პირების და სამართალდამცავების ინფორმაციით სახეზეა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები, თუ როგორ მზადდებოდა „მოლოტოვის კოქტეილები“, როგორ იგეგმებოდა მეამბოხეთა გადაადგილება, რათა მეტი ზიანი მიეტანათ სხვის საკუთრებაზე და გამოეწვიათ ქაოსი და დაძაბულობა, დაფიქსირდა ამბოხის ორგანიზატორთა ლიდერებს შორის დაშიფრული კომუნიკაციის პრეცედენტები, და ა.შ. ეს გარემოებები ფაქტიურად ადასტურებს, ექსტრემისტული ჯგუფების აქტიურ მონაწილეობას საპროტესტო მოძრაობაში, ანუ უფრო კონკრეტულად და კორექტულად რომ ვთქვათ – საპროტესტო მოძრაობის დარბევასა და ქაოსში მიზანმიმართულ ტრანსფორმაციაში.

ძაღლის თავი

30 მაისს BBC-ზე ვუყურე რეპორტაჟს შექმნილ ვითარებაზე. ამერიკის რუქაზე ნაჩვენები იყო ის ქალაქები, სადაც პროტესტი აქტიურად მიმდინარეობდა. ეს ქალაქებია დენვერი, ლოსანჯელესი, დეტროიტი, მინეაპოლისი, ნიუიორკი, ლუისვილი, ატლანტა და ჰიუსტონი. საგულიხმოა, რომ ყველა ამ ქალაქს დემოკრატი ქალაქის თავი ყავს. რამდენად შემთხვევითია ეს ვითარება?

ზოგიერთი ღიად მიუთითებს ამ მოცემულობაზე და დასძენს, რომ პოლიციამ, რომელიც არ ექვემდებარება ცენტრალურ ხელისუფლებას, შეგნებულად გამოიჩინა პასიურობა, რათა სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმებულიყო. ფაქტების გარეშე ამაზე არ ვისაუბრებ. პირადად კი მიმაჩნია, რომ პოლიციამ უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ ვერ გაუძლო საზოგადოებრივი აზრის ზეწოლას და გაერიდა მეამბოხეებთან ფიზიკურ კონტაქტს. მაგრამ ჩემთვის ამავე დროს სრულიად ნათელია, რომ ამბოხებულები გრძნობდნენ და ეხლაც გრძნობენ, მტკიცე პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მხარდაჭერას ქვეყნის გავლენიანი პოლიტიკოსების მხრიდან.

1 მაისს, ანუ ამერიკის ათეულობით ქალაქში უკვე მომხდარი დარბევისა და ძარცვის ფაქტების შემდეგ, ბერნი სანდერსი ფეისბუკზე აქვეყნებს ამერიკელი უფლებადამცველის, აწ გარდაცვლილი ოდრი ლორდის სიტყვებს: „რევოლუცია ერთჯერადი მოვლენა არ არის“. საგულისხმოა, ასევე ტრამპის განცხადება, რომ ჯო ბაიდენის წარმომადგენლები პირდაპირ არიან დაკავებულები არეულობის ორგანიზების გამო დაკავებული პირების განთავისუფლებით. ამ გარემოებებით, ექსტრემიზმის პოლიტიკური და იდეოლოგიური მხარდაჭერა, წახალისება და წაქეზება სახეზეა, რაც ბერნი სანდერსის შემთხვევაში წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მზადდებოდა.

ავაზაკები ამერიკის წინააღდეგ

ჯერ კიდევ გუშინ, მით უმეტეს გუშინწინ და კიდევ უფრო მეტად გუშინწინის წინ, ბერნი სანდერსს და მის კომუნისტურ-ბოლშევიკურ ბოდვებს, ბევრი სერიოზულად არ აღიქვამდა. დღეს ჯერ კიდევ სასაცილოდ აღიქმება ჩინეთის, რუსეთის, ირანის განცხადებები, რომლებშიც ამერიკელებს მოუწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვისაკენ. თუმცა უკვე დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო (ამერიკის გარდა), სიცილის გარეშე, სავსებით სერიოზულად იღებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ჩინეთის უპირობო გალიდერებას. უკვე დღეს ჩვეულებრივ ფაქტად ვიღებთ, რომ ამერიკული ბომონდის წარმომადგენლები ფულს აგროვებენ მეამბოხეთა გასათავისუფლებლად და ვითარების განსამუხტავად პოლიციელების დაჭერას გვთავაზობენ (საუბარი არ არის მხოლოდ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელებზე), დღეს უკვე ნორმა გახდა, რომ ზოგიერთი მსხვილი მედია წინასწარ ღელავს, ვაითუ ამბოხის ჩახშობამ პრეზიდენტი დიქტატურამდე მიიყვანოსო. საინტერესო დროს ვცხოვრობთ. შეგვიძლია განვაცხადოთ: ყველა ვინც ამერიკის წინააღდეგია შესაძლოა არ იყოს ავაზაკი, მაგრამ ყველა ავაზაკი აუცილებლად ამერიკის წინააღმდეგია.

ამერიკა, როგორც ასეთი…

რა მივიღეთ დღეს? გარდა იმისა, რომ ჯორჯ ფლოიდის საქმე სრულიად დააკნინა სამართლიანი პროტესტის ქაოსში და დარბევებში გადაზრდამ,  განვითარებულმა მოვლენებმა ასევე უდიდესი დარტყმა მიაყენა კერძო საკუთრების ინსტიტუტს, ადამიანებმა დაკარგეს დაცულობის შეგრძნება. ამერიკული ოცნება კი, ანუ ამერიკელების სწრაფვა ღირსეული და კეთილდღეობრივი ცხოვრებისაკენ, საფრთხობელად უნდათ აქციონ.

ადამიანის წინააღდეგ სისტემა უსუსურია, თუკი ეს სისტემა ადამიანს უქმნის განვითარების შესაძლებლობებს და არ ცდილობს მის განადგურებას. ამერიკული სახელმწიფო სააგენტო NASA-ც კი ვერ აღწევდა შედეგს, სანამ ცალკე ერთი ადამიანი, ელონ მასკი არ ჩაერია ისტორიული პროექტის განხორციელებაში. ალბათ გასაგებია, რომ სანდერსის ამერიკაში ელონ მასკის ადგილი უბრალოდ არ მოიძებნება. ჩემი აზრით, სანდერსის ამერიკაში ადგილი არც იმ მოხუც ამერიკელს ექნება, რომელსაც ის თავის ვებგვერდზე პასუხს ვერ სცემს.

ბუნებრივია, თუნდაც ხელისუფლების ისეთი დანაწილების პირობებში, როგორიც ეს ამერიკაშია მთავარი პასუხისმგებელი პირი ყველაფერზე რაც ხდება, ან არ ხდება პრეზიდენტია. ისტორიას ნაკლებად შემორჩება მინესოტის მერის ან დალასელი მოსამართლის სახელი (მე უკვე დამავიწყდა). სამაგიეროდ ყველას გვემახსოვრება გაუძლო თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ვნახოთ რა განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა.

30 მაისს, მან დაწერა ფეისბუკზე, რომ ამერიკა არასდროს გახდება სოციალისტური ქვეყანა. გუშინ კი დატოვა თეთრი სახლი და ოჯახის წევრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ამბოხებულთა მიერ დაზიანებული და ნაწილობრივ დამწვარი წმ. იოანეს ეკლესია. მცირე ვიზიტის დროს მას ხელში ეჭირა ბიბლია და დადო პირობა რომ იბრძოლებს ამერიკელებისთვის. ასევე გუშინ განაცხადა, რომ: დაამთავრებს არეულობებს და უკანონობას და ამის გაკეთებას დღესვე დაიწყებს; მიმართა გუბერნატორებს რეკომენდაციით, რომ ქუჩებში დომინირების მიზნით განალაგონ საკმარისი რაოდენობით გვარდიელები; მიმართა დარბევების ორგანიზატორებს, რომლებმაც არ მისცეს ხალხს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, რომ აუცილებლად დაისჯებიან კანონის შესაბამისად.

ვნახოთ, მოქმედების დროა….

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად