ელიზაბეთ რუდი: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციის „საქართველო – ევროპული გზა“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვულოცავთ საქართველოს ამ ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ასევე არის შესაძლებლობა, აღვნიშნოთ ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი და ყველა ის წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ამ პროგრამის ფარგლებში. ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ვიზების ლიბერალიზაცია შენგენის ზონის ქვეყნებში.

შეერთებული შტატები მიესალმება ამ ყველაფერს, რადგან როდესაც საქართველო უფრო მეტადაა ინტეგრირებული ევროკავშირში, ეს ხდის მას უფრო ძლიერ პარტნიორად შეერთებული შტატებისთვისაც.

რაც შეეხება აქციას, დემონსტრანტებს ვეტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას და დასავლურ ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატებიც სრულად უჭერს მხარს.

პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კი ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, მივანდოთ ეს საქმე ისტორიკოსებს, რომლებიც ასწავლიან საქართველოს ისტორიას, არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ დავადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ – აცხადებს ელიზაბეთ რუდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...