ელისაშვილი ხელოვნების მუზეუმზე: ყეყეჩი საჯარო მოხელე, ვინც შეეცდება იდიოტური დასკვნის საფუძველზე დაანგრიოს ეს შენობა, ალბათ, ვერც ხვდება, რამხელა რისხვას დაიტეხს თავს

“ის ყეყეჩი საჯარო მოხელე ვინც შეეცდება იდიოტი ექსპერტის იდიოტური დასკვნის საფუძველზე დაანგრიოს ეს შენობა ალბათ ვერც ხვდება რამხელა რისხვას დაიტეხს თავს!!! ასე რომ შენობა უნდა გამაგრდეს და პირვანდელი იერით შენარჩუნდეს ნებისმიერ შემთხვევაში!!!”

ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითავ ეხმაურება კულტურის სამინისტროს ბრძანებას ხელოვნების მუზეუმის ფონდების ევაკუაციის შესახებ.

“კულტურის სამინისტროს გვერდზე წავიკითხე ხელოვნების მუზეუმის ფონდების ევაკუაციის ბრძანება და შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა. ჯერ მეორეზე ვიტყვი – ექსპერტი რომელიც დასკვნაში წერს რომ მძიმე ავარიული შენობის გამაგრება არის არარენტაბელური არის იდიოტი! ან არ იცის რას ნიშნავს სიტყვა – რენტაბელური, ან არ იცის რა ღირებულების შენობაზეა ლაპარაკი ან უბრალოდ ბრიყვია! ეს შენობა არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენობა როგორც არქიტექტურული ასევე განსაკუთრებით ისტორიული მნიშვნელობით. მე რომ მკითხო აქ გადაწყდა წინა საუკუნის დასაწყისში დიდწილად კაცობრიობის ბედი. მაშინ როდესაც ამ შენობაში სწავლობდა და ბევრი მიზეზის გამო ადამიანებზე გაბოროტდა პატარა იოსებ ჯუღაშვილი. თუმცა ამ ჯოჯოხეთური კაცის გარდა აქ სწავლობდა მთელი პლეადა სასულიერო, სამეცნიერო და პოლიტიკური მოღვწეების. კირიონ მეორე, გიორგი გურჯიევი, ნოე ჟორდანია და კიდევ უამრავი სხვა. ეს შენობა 1830-იან წელს ააშენეს სასტუმროდ ზუბალაშვილებმა, შემდეგ აქ იყო სასულიერო სემინარია, შემდეგ ისევ სასტუმრო და ბოლოს ბინა დაიდო ხელოვნების მუზეუმმა. მე პირადად მომხრე ვარ რომ ხელოვნების მუზეუმისთვის აშენდეს სხვა, უფრო შესაბამისი სივრცე. ვინაიდან ეს შენობა თავდაპირველად აიგო როგორც სასტუმრო და მუზეუმისთვის ძალიან ტლანქი და მოუხერხებელია (ეს ჩემი პირადი, არაპროფესიონალის აზრია). თუმცა ეს უღირებულესი და უმნიშვნელოვანესი შენობა რაც არ უდა დაჯდეს მისი გამაგრება უნდა შენარჩუნდეს პირვანდელი სახით!!! ის ყეყეჩი საჯარო მოხელე ვინც შეეცდება იდიოტი ექსპერტის იდიოტური დასკვნის საფუძველზე დაანგრიოს ეს შენობა ალბათ ვერც ხვდება რამხელა რისხვას დაიტეხს თავს!!! ასე რომ შენობა უნდა გამაგრდეს და პირვანდელი იერით შენარჩუნდეს ნებისმიერ შემთხვევაში!!! – წერს ალეკო ელისაშვილი.

კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა სამწუხაროდ ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს.

“კულტურის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის ივლისში კულტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მუზეუმის შენობა არის უმძიმეს მდგომარეობაში. კერძოდ:

ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური; ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება; შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი; შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან; შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს.

სწორედ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუზეუმის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდების გადასარჩენად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიმდინარე წლის 15 ივლისს დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტრომ მაშინვე გახადა საჯარო. სწორედ ამ გეგმის თანახმად აპირებს სამინისტრო მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დემონტაჟს, როგორც ეს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ სიუჟეტში იყო ნათქვამი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან, ხოლო საზოგადოებას მიმართავს, ნუ აჰყვება ცილისწამებას იმ ადამიანების მხრიდან, ვისი დამსახურებითაც არის მუზეუმის შენობა ასეთ მძიმე მდგომარეობაში.” – ნათქვამია კულუტურის სამინისტროს გავრცელებულ განაცხადებაში და ფოტომასალასაც ავრცელებს.

კომენტარები
იტვირთება...