საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარში საქართველოში გასული წლის იანვართან  შედარებით 8,4%-ით მეტი ელექტროენერგიაა  გამომუშავებული

ესკოს მონაცემების თანახმად, იანვარში საქართველოში გამომუშავებულია 1 მილიარდ 110 მილიონ 729 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, შარშან იანვარში კი გამომუშავებული იყო 1 მილიარდ 24 მილიონ 820 ათასი კვტსთ.

აღსანიშნავია, რომ გამომუშავების ზრდა ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავების შემცირების ფონზე, უფრო ძვირად ღირებული, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხარჯზე მოხდა.

2023 წლის იანვარში ჰიდროელექტროსადგურებმა 374 მილიონ 275 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, 2022 წლის იანვარში კი 510 მილიონ 292 ათასი კვტსთ ანუ 26,7%-ით ნაკლები.

თბოსადგურების მიერ იანვარში გამომუშავებულია 728 მილიონ 391 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელ გამომუშავებას (507 მილიონ 920 ათასი კვტსთ) 43,4%-ით აღემატება.

გამომუშავებული ელექტროენერგიის 8,4%-იანი ზრდის შედეგად  შესაძლებელი გახდა იმპორტის  შარშანდელ იანვართან შედარებით 159 მილიონ 406 ათასი კვტსთ-ით შემცირება (406 მილიონ 361 ათასიდან 246 მილიონ 955 ათასამდე)

2022 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან 291 მილიონ 493 ათასი კვტ ელექტროენერგია შემოიტანა, საიდანაც 244 მილიონ 539 ათასი კვტსთ (83,9%) ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა, 2023 წლის იანვარში კი რუსეთიდან შემოტანილია 246 მილიონ 606 ათასი კვტსთ და  ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებულია 243 მილიონ 690 ათასი კვტსთ (98,8%).

მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (ოკუპირებული აფხაზეთის ჩათვლით) 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით 6,6%-ით - 1 მილიარდ 373 მილიონ  448 ათასი კვტსთ-იდან 1 მილიარდ 283 მილიონ 130 ათას კვტსთ-მდე - არის შემცირებული.