ელექტროენერგიის მიღებით საქართველო Doing Business-ის რეიტინგში 26 პოზიციით დაწინაურდა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „Doing Business 2017“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ელექტროენერგიის მიღების კუთხით 26 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილიდან 39-ზე გადაინაცვლა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირისა (#SAIFI) და ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო ხანგრძლივობის (#SAIDI) დადგენილი ნორმების გადაჭარბებაზე.

ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი წესები, რომლის საფუძველზეც ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები უწევენ მომხმარებელს გამარტივებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული რეგულაციაა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი ამბობს, რომ Doing Business-ის ექსპერტების მიერ, გაურკვეველი მიზეზებით ისევ არ იქნა გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებდა საქართველოს პოზიციებს: „კერძოდ არასწორად არის მითითებული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და საჭირო პროცედურების რაოდენობა, რაც ერთის მხრივ ძალიან დასანანია, თუმცა მეორეს მხრივ გვაძლევს მყარი იმედის საფუძველს, რომ მომავალ წელს უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ და ამ მიმართულებით, საქართველო იქნება პირველ ოცეულში.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, 2016 წლის მონაცემებით საქართველომ გარკვეულწილად დათმო პოზიციები Doing Business-ის საერთო რეიტინგში და იგი 23-ე ადგილზე განთავსდა, პირველ რიგში ეს განპირობებული იყო, მეთოდოლოგიის ცვლილებით, რომლითაც ხდება ქვეყნების რეიტინგის დათვლა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. საერთო რეიტინგის ვარდნის მიუხედავად, გარკვეული წინსვლა დაფიქსირდა „ელექტროენერგიის მიღების“ კრიტერიუმთან დაკავშირებით, კერძოდ საქართველო 73-ე ადგილიდან 65-ე გადაინაცვლა. ამასთან ჩვენ ვფიქრობთ, რომ Doing Business-ის 65-ე ადგილი, საერთოდ არ ასახავს რეალობას რადგანაც კვლევაში მოყვანილი ბევრი მონაცემი, არ შეესაბამება სინამდვილეს (გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, მიერთებისთვის საჭირო პროცედურების რაოდენობა და ა.შ.). ზემოთ აღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ Doing Business-ის კრიტერიუმების მოთხოვნები ყოველწლიურად მკაცრდება, კომისიამ 2016 წელს განაგრძო რეგულაციების რეფორმები და პრაქტიკულად ახალ სიმაღლეზე აიყვანა მომსახურების ხარისხის სტანდარტები ელექტროენერგეტიკის სექტორში.

2017 წლის რეიტინგების გამოქვეყნების შემდგომ, ნათელი გახდა რომ ამ რეფორმებმა ასახვა ჰპოვა Doing Business-ის პროექტში და ელექტროენერგიის მიღების კრიტერიუმის მიხედვით საქართველო ერთბაშად 26 ადგილით დაწინაურდა, რაც ყველაზე დიდი პროგრესია სხვა კრიტერიუმებთან შედარებით. ამ წარმატებამ საბოლოო ჯამში განაპირობა საქართველოს საერთო რეიტინგის გაუმჯობესება და 16-ე ადგილის დაკავება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ წელიწადში საქართველომ გადაუსწრო არაერთ წარმატებულ ქვეყანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად