ელეონორა გოგოლაშვილი: ახალბედა მომღერლებს ვურჩევ არ შეეშინდეთ და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მომღერალი ელეონორა გოგოლაშვილი, წლებია სცენაზე აქტიურად აღარ ჩანს. ხუთი წელია საჯარო სამსახურში მუშაობს, თუმცა საქველმოქმედო კონცერტებსა და შემოქმედებით საღამოებში კვლავ მონაწილეობს. ამბობს რომ მის პროფესიაში იყო ბევრი წარმატება და ბევრი იმედგაცრუებაც. მომავალ მომღერლებს კი ურჩევს რომ არ შეშინდნენ და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, რადგან ეს უდიდესი გამოცდილებაა.

მოდი დავიწყოთ თავიდან, როდის აღმოაჩინა ელეონორა გოგოლაშვილმა რომ სიმღერა იყო მისი ძლიერი მხარე, წარმატების გარანტი?

5 წლის ასაკში,  დედამ საბავშვო საესტრადო სტუდიაში მიმიყვანა, ასე გადაწყვიტა,რადგან   სულ სარკესთან ვიდექი ,,ნაძვისხესავით ასხმული’’  და ვმღეროდი ყველაფერს რაზეც ყური მქონდა მოკრული, განსაკუთრებით ,,ბითლზების’’ რეპერტუარი მხიბლავდა. ინტერესიანი ბავშვი ვიყავი და დედა ყველგან დამატარებდა თუკი რაიმე წრე არსებობდა ხელოვნების მიმართულებით. განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები არ მქონია, თუმცა სმენა კარგი მქონდა და ,,საყვარელი’’ ბავშვი რადგანაც ვიყავი, მიმიღეს სტუდიაში.

არ ვიცი როდის მივხვდი და გავიაზრე რომ სიმღერა იყო ჩემი ძლიერი მხარე, ამაში სხვები დღემდე მარწმუნებენ, რადგან ყოველთვის კირიტიკული ვარ  საკუთარი თავის მიმართ.

ყველაზე წარმატებული დრო, როცა სცენაზე იდექი, ვიცი რომ იყო ბევრი კონკურსი, ბევრი წარმატება.

იყო უამრავი კონცერტი, გასტროლი, ფესტივალი თუ კონკურსი,რამაც  გაალამაზა ბნელი 90-ანების ბავშვის ცხოვრება. ძალიან შემიყვარდა სიმღერა, სცენა, თითოეული სცენაზე გამოსვლა ჩემთვის ზეიმი იყო, დღესაც ასეა და დღესაც ისევ ისე ვღელავ, როგორც მაშინ 27 წლის წინ

ის რაც საზოგადოებამ არ იცის, ეს არის სფეროსადაც წარმატებასთან ერთად, ალბათ ბევრი სირთულეცაა.

დიახ, საზოგადოება ხედავს და ისმენს მზა პროდუქტს, და არ იცის რა შრომატევად საქმესთან გვაქვს საქმე, რა განცდებთან,ემოციებთან.

იურმალას კონკურის შემდეგ, საზოგადოების აზრი ფაქტობრივად ორად გაიყო, დღევანდელი გადასახედიდან რა იყო იურმალა ელეონორასთვის?

20 წლის ვიყავი,   როდესაც აღნიშნულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, წარუმატებელი იყო ჩემი გამოსვლა,  მეგონა  სამყარო თავზე ჩამომექცა  და  ყველაფერი დასრულდა, იმდენად ცუდი იყო რეზონანსი. იყვნენ ადამიანები რომლებიც თანამიგრძნობდნენ, თუმცა უარყოფითი  მაინც ჭარბობდა,  ვიდეოებზე იმდენად ნეგატიური კომენტარები იწერებოდა წაკითხვაც კი არ შემეძლო. სამწუხაროდ მარტივია ადამიანის განკითხვა, არავის აღელვებს შენი განცდები, ემოციები. როდესაც მომღერალი წარუმატებლად გამოდის სცენაზე ეს პირველ რიგში მისი, როგორც მომღერლის და როგორც უბრალოდ ადამიანისთვის უდიდესი ტკივილია.  წლები დამჭირდა, რომ გამოვსულიყავი ამ დამთრგუნველი წრიდან. ამ სირთულეების მიუხედავად არ ვნანობ, რომ ეს ეტაპი გავიარე,  ვფიქრობ, რომ ცხოვრება იმდენ გამოწვევას გვთავაზობს, არ ღირს ერთ კონკრეტულ ფიასკოზე ორიენტირება, ყველა ახალბედა მომღერალს ვურჩევ არ შეეშინდეს და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, ეს უდიდესი გამოცდილებაა, საზოგადოებას კი ვურჩევდი იყავით უფრო ლოიალურები ახალგაზრდა კონკურსანტების მიმართ.

დღეს რამდენად აქტიურად ებ კონცერტებში მონაწილეობას?

ჩემი ამჟამინდელი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მუსიკოსების კონცერტებს ვუკეთებ ორგანიზებას, თუმცა საქველმოქმედო კონცერტებსა და შემოქმედებით საღამოებში კვლავ ვმონაწილეობ.

რამდენიმე წელია მუშაობ ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილებაში, ფაქტია რომ ეს სფერო შენთვის საინტერესოა, თუმცა საჯარო სამსახური გარკვეულს სირთულეებთანაც  არის ალბათ დაკავშირებული.

ქუთაისის მერიაში მეხუთე წელია ვმუშაობ. საჯარო სამსახურში მუშაობა საინტერესო და რთულია ერთდროულად, განსაკუთრებით მაშინ, როცა პასუხისმგებლობის კოეფიციენტი ძალიან მაღალი გაქვს. მიყვარს ჩემი საქმე და ისიც  გათავისებული მაქვს, რომ თავდაუზოგავი შრომის  გარეშე გამორიცხულია  წარმატებას მიაღწიო. არასოდეს ვწყვეტ  საკუთარ თავზე მუშაობას, ყოველი დღე უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას მძენს.

რა არის ელეონორა გოგოლაშვილის სამომავლო გეგმები?

წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ, ცხოვრება თვითონ გვიჩვენებს ყველაფერს, ამ ეტაპზე ძალიან დაკავებული ვარ როგორც სამსახურში ისე ოჯახში. ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მყავს არჩვეულებრივი მეუღლე, რომელსაც ვუზიარებ ჩემს გეგმებსა და ფიქრებს. ჩემი შვილები კი სტიმულს მაძლევენ  უკეთესი ვიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...