ელენე ხოშტარია: პასუხისმგებლობაც და ქმედების ვალდებულებაც არის “ქართულ ოცნებაზე”

“ევროპული საქართველოს” წევრის,  ელენე ხოშტარიას განმარტებით, შეთანხმება გაყალბებული არჩევნების მიღების ხარჯზე ვერ მოხდება. 

“პასუხისმგებლობაც და ქმედების ვალდებულებაც არის “ქართულ ოცნებაზე”. ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება და პროცედურების და ადმინისტრაციის შეცვლა,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ პროტესტის ნიშნად არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. “ქართული ოცნება” ოპოზიციის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ამასთან, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობის დიალოგი დაიწყო, რომლის ორი რაუნდიც უკვე შედგა.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი, მესამე რაუნდის გამართვის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

მათი განმარტებით, ისინი შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ხელახალი, რიგგარეშე არჩევნები ცენტრალური კომისიის ახალი შემადგენლობით დაინიშნება. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და შეთავაზება მათ უნდა წარმოადგინონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად