ელენე ხოშტარია: დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო თავდასხმა არამხოლოდ, ოპოზიციაზე, არამედ ევროკავშირზე

დღეს, ჩვენ ვნახეთ, რომ “ქართულ ოცნებას”ერთადერთი რაც ამოძრავებს, ეს არის შიში, შიში ძალაუფლების დაკარგვის, შიში სკამების დაკარგვის. მაგრამ ამ შიშის პერიოდში მათ, ყველაზე კარგად იციან, რომ ისინი კარგავენ ძალაუფლებას, ისინი არიან დამარცხებულები, რადგან ოპოზიციას და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას, არ უნდა ძალადობა, არ უნდა ჩაგვრა, არ უნდა უსამართლობა, უნდა მშვიდობა, უნდა ევროპა და უნდა განვითარება. ეს უმრავლესობა აუცილებლად გაიმარჯვებს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე. – ამის შესახებ პარტია „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“ამ დარჩენილ დღეებში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებას” შეუძლია უდიდესი დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დღეს ჩვენ რაც ვნახეთ, ეს იყო თავდასხმა არამხოლოდ, ოპოზიციაზე, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ დღეს ვნახეთ, საათნახევრის განმავლობაში, პრაქტიკულად ევროკავშირის საელჩოს ბლოკირება, მოსმენებთან ერთად. ეს ყველაფერი იმ ანტიდასავლურ ნაბიჯებთან ერთად არის განაცხადი, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა გამოგვტაცოს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილება. პროდასავლური, განვითარებული, მშვიდობიანი არჩევანი.

ამიტომ 2 ოქტომბერს, გარდა დემოკრატიისა, გარდა მშვიდობისა, გარდა განვითარებისა, ჩვენ ასევე გამოვგლეჯთ ქართულ ოცნებას ჩვენ სურვილს და გადაწყვეტილებას, რომ ვიყოთ დასავლური სამყაროს ნაწილი და დიპლომატებს არა თუ ვუსმენდეთ, არამედ ვედგეთ გვერდში და ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიპლომატებს ევროკავშირიდან ბლოკირებას კი არ ვუწყობდეთ, არამედ ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს ეს ზუსტად ასე იქნება.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს ევროკავშირის ოფისთან, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებდა, მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები
იტვირთება...