ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე, „ევროპული საქართველო“ გამოეხმაურა.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 4 დღიანი პროტესტის შემდეგ, საზოგადოებამ გამარჯვებას მიაღწია.

„გარდა იმისა, რომ თქვენ მოახერხეთ დაახევინოთ უკან “ქართულ ოცნებას” და მიაღწიეთ სამართლიან, პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოსს და ყველა მომავალ მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი მსგავსი უღირსი და უკანონო საქციელის შედეგად. ამიტომ, მე გულწრფელად ვულოცავ აქციის ორგანიზატორებს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“ქართულმა ოცნებამ” აქციის მონაწილეების მხოლოდ ერთი მოთხოვნა შეასრულა. მთავარი მოთხოვნა კი – გადადგეს შს მინისტრის გიორგი გახარია, კვლავ ყურადღების გარეშე რჩება. მმართველ გუნდში თქვეს, რომ 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე შს მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ. ელენე ხოშტარია “ქართული ოცნების” ლიდერების ამ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. “ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება აქციის მონაწილეებთან გახარიას შესანარჩუნებლად ვაჭრობს.

„აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა გახარიას დატოვება თანამდებობაზე და ხალხთან ვაჭრობა თანამდებობებით. ისინი ვაჭრობდნენ ერთი დღით კობახიძით, ახლა ვაჭრობენ გახარიათი, მაშინ, როდესაც გახარიას არ აქვს არც მორალური, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური უფლება იყოს შს მინისტრი. გახარია არის შს მინისტრი, რომელმაც იყიდა ნაკლებად სასიკვდილო ანუ სასიკვდილო ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ დამიზნებით ადამიანებისთვის ესროლათ, დაესახიჩრებინათ,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...