ეკონომიკის სამინისტროს შენობის მყიდველის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი დღეს სრულდება. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 მილიონი ამერიკული დოლარია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ეკატერინე სისაურის თქმით, ა/წ 29 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად გამოიტანა თბილისში, ჭანტურიას ქუჩა #12-ში არსებული შენობა, რომელშიც თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული.

სისაურის თქმით, უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვმ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვმ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვრულია 6 მილიონი აშშ დოლარით.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია 2016 წლის 1-ელი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე სასტუმროს (არანაკლებ 100 ნომრიანი) შექმნა (მათ შორის მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება) და ფუნქციონირების დაწყება, უზრუნველყოს.

ასევე პირობებში წერია, რომ მყიდველის მიერ უზრუნველყოფილ იქნას აუქციონის დასრულებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპრივატიზებო უძრავი ქონებით, უსასყიდლოდ, გამყიდველის და გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის სარგებლობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად