ეკონომიკის სამინისტრო: მადლობა მინდა გადავუხადო ავიაკომპანიას “ჯორჯიან ეარვეისი”

კორონავირუსის პანდემიის დროს, ეროვნულმა ავიახაზებმა, Georgian Airways-მა, 29 სპეციალური რეისი შეასრულა და 3500 მდე მოქალაქე დააბრუნა სამშობლოში. უცხოეთში დარჩენილი მოქალაქეებისთვის ეს ერთადერთი გზა გახლდათ სამშობლოში დასაბრუნებლად.

პანდემიის დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცალსახად გვაჩვენა ეროვნული ავიახაზების როლი და სტრატეგიული დანიშნულება ფორსმაჟორულ სიტუაციაში. პანდემიამდე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, Georgian Airways -ის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ხელისუფლება მათთვის არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა და უცხოური ავია კომპანიების მსგავსად, მათ სუბსიდირებას არ ახდენდა.

იმის გასარკვევად, თუ რას აპირებს ხელისუფლება პანდემიის შემდეგ და რა ავია პოლიტიკა ექნება მას ეროვნულ ავიახაზებთან მიმართებაში, “აიპრესმა” კითხვით მიმართა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას. პასუხი პრესსამსახურის მეშვეობით მივიღეთ.

“აიპრესი”:  ქალბატონო ნათია, პანდემიის დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცალსახად გვაჩვენა ეროვნული ავიახაზების როლი და სტრატეგიული დანიშნულება ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ფაქტობრივად, მათ გარეშე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ვერ მოხერხდებოდა, საუბარია 4000 მდე ემიგრანტზე. საქართველოს ავიახაზები წლების განმავლობაში ითხოვდა მთავრობისგან ჩაეყენებინათ ისინი თანაბარ პირობებში უცხოურ ავიახაზებთან, რომლებიც ქვეყანაში ოპერირებენ. თუ გადაიხედება თქვენი პოლიტიკა ეროვნულ ავიახაზებთან დაკავშირებით და როგორ? თუ გქონდათ მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა?

ეკონომიკის სამინისტრო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქვეყანაში ლიბერალურ საავიაციო პოლიტიკას აწარმოებს, რომლის მიზანსაც ადგილობრივი ავიაბაზრის განვითარება წარმოადგენს.

აღნიშნული პოლიტიკა საქართველოში კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე მომუშავე ყველა ავიასაწარმოსთვის საქმიანობის თანაბარი პირობების ჩამოყალიბებას გულისხმობს. მადლობა მინდა გადავუხადო ავიაკომპანიას „ჯორჯიან ეარვეისი“, რომელმაც, მთავრობის ხელშეწყობითა და თანადაფინანსების შედეგად, საქართველოში რამდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქე დააბრუნა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამით მათ პანდემიის დროს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. პოსტ-კოვიდურ პერიოდში, როდესაც საქართველო უკვე პირველი ივლისიდან გეგმავს საკუთარი ტურისტული ბაზრის გახსნას საერთაშორისო მოგზაურებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ავიაგადამყვანების მხარდაჭერას, რათა მათ დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შეძლონ საკუთარი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაიდლანების შესაბამისად გადაწყობა და ფრენების განახლება.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways უკვე მზად არის, 1 ივლისიდან ფრენები განახორციელოს.

“ჯორჯიან ეარვეისი გეგმავს, განახორციელოს რეგულარული რეისები ყველა იმ მიმართულებებით, სადაც დავფრინავდით პანდემიის დაწყებამდე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ წარმატებით ვითანამშრომლეთ სახელმწიფო გუნდთან, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის განვითარების ეროვნულ სააგენტოსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფის საქმეში. დღეის მდგომარეობით, უკვე განხორციელდა 32 სპეციალური რეისი და სადღაც 3 500-3 700-მდე საქართველოს მოქალაქე ჩამოვიყვანეთ საქართველოში.” – აცხადებს კომპანიის დირექტორი, რომან ბოკერია.

“მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ არცერთი ჩვენი ბორტგამცილებელი, არცერთი ჩვენი პილოტი არ დაინფიცირდა კორონავირუსით მიუხედავად იმისა, რომ უწევდათ ფრენები წითელი ზონის ქვეყნებში და იქიდან ჩამოჰყავდათ ჩვენი თანამოქალაქეები.  ჩვენ მივიღეთ იატასგან და  სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებისგან რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მგზავრთა ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ზომები და ფრენებთან დაკავშირებით რა სიახლეები იქნება მიღებული.

უწინარეს ყოვლისა, აუცილებელი იქნება პირბადეები და ხელთათმანები, ასევე სკრინინგი გაფრენამდე ანუ ტემპერატურის შემოწმება, არის თუ არა მგზავრი სახიფათო კონდიციაში, აქვს თუ არა მას სხვადასხვა სახის სიმპტომები.

რაც შეეხება ძალიან ფართოდ გაშუქებულ თემას, რომ შუა რიგები იყოს გამოუყენებელი,ამასთან დაკავშირებით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ასეთი რეკომენდაცია ჯერჯერობით არ მოუცია. ესეიგი, ეს ჯერჯერობით არ წარმოადგენს საფრთხეს. იმ შემთხვევაში, თუ ყველას ექნება პირბადეები, ხელთათმანები, თუ კავშირი იქნება შეზღუდული, რისკფაქტორი ნაკლები იქნება.

რაც შეეხება მიმართულებებს, საუბარია ყველა იმ ქვეყანაზე, სადაც ჩვენ დავფრინავდით. ეს არის საფრანგეთი – პარიზი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, პრაღა, ბარსელონა, ბრიუსელი, ისრაელი…

მაგრამ აქ ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ ივლისს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ველოდებით  ტურისტებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც მზადყოფნა, იმ ქვეყნებშიც უნდა იყოს აეროპორტები გახსნილი იმისათვის, რომ ჩავფრინდეთ, წამოვიყვანოთ ჩვენი მგზავრები, დავაბრუნოთ უკან.

შესაბამისად, თუ იმ ქვეყნებშიც იქნება მზადყოფნა, ყველა ამ მიმართულებას ავამოქმედებთ. თუ დავუშვათ, რომელიმე მიმართულებასთან დაკავშირებით არ იქნება ქვეყანა მზად, დაველოდებით როდის გაიხსნება ეს ქვეყანა.

მინდა მხარი ავუბა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ თავიდან უნდა მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის რეკლამირება. თავიდან უნდა მოხდეს რეკლამირება არამარტო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქრისტიანული რელიგიის, კულტურის, ისტორიის მქონე ქვეყანის, შესანიშნავი ღვინით, შესანიშნავი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციებით, შესანიშნავი ბუნებით, კლიმატით, ჩვენი კულინარიით, არამედ, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსითაც.

დამატებით ფაქტორად გამოიკვეთა კორონავირუსის ძალიან დაბალი დონე მსოფლიო სტანდარტთან შედარებით. მინდა დავიმოწმო ევროგაერთიანების ელჩი საქართველოში, რომელმაც ხაზგასმით და ღიად დააფიქსირა ის პოზიცია, რომ საქართველო არის ყველაზე სასურველი ადგილი მსოფლიოში, სადაც შეიძლება ეს კორონავირუსის კრიზისი გადაიტანოს კაცმაო.

რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, რომან ბოკერიას თქმით, გარკვეულწილად ეს დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რა პოლიტიკა ექნება სახელმწიფოს კოვიდის კრიზის შემდგომ ავიაკომპანიებთან მიმართებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად