“ეკლესიამ დააგვიანა, ეკლესია ჩამორჩა, ეკლესია ჩარჩენილია საბჭოთა აზროვნებაში” – ინტერვიუ მეუფე პეტრესთან

“საპატრიარქო მზად არის გაწიროს ადამიანები, ისე, როგორც ეს დეკანოზი მამალაძის სახით მოხდა – თუ, ერთი მღვდლის გაწირვა შეძლეს, ათასობით ადამიანის გაწირვასაც შეძლებენ!” – აცხადებს “აიპრესისთვის” მოცემულ ინტერვიუში მეუფე პეტრე ცაავა.

 როგორ აფასებთ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით?

იესო ქრისტემ მოწოდებით დაიწყო თავისი ქადაგება, ეკლესია უნდა მოუწოდებდეს ადამიანს, თუ სად არის გზა გადარჩენისა და ხსნისა, როგორც მწყემსი კეთილი. არაერთგზის ვთქვი, რომ ეკლესია და დღევანდელი საპატრიარქო, პატრიარქის ხელმძღვანელობით, არ არის მოწოდების სიმაღლეზე და ის, ვერ ასრულებს, ან არ ასრულებს “მწყემსი კეთილის” ფუნქციას, რომელმაც თავისი ცხვარი უნდა დაიცვას. ფაქტობრივად, მგლებს შეატოვა და თვითონ გარბის ხელისუფლებასთან ერთად. ბუნებრივია, ამიტომ, მე მოვუწოდებ საზოგადოებას და მათ შორის მრევლს, რომელიც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილია, რომ გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მადლი ღვთისა, მადლი აღდგომის დღესასწაულისა მიიღონ სახლში ღვთის დიდებით, გონებით, სულითა და გულით. ქრისტესთან ერთად გაიარონ ჯვარცმა და მათთან ერთად იზეიმონ აღდგომის სიხარული. თანავუგრძნობ ყველა იმ ათასობით ადამიანს, ვინც კარანტინშია ჩვენს გამო, ისინი არიან კარანტინში იმისათვის, რომ არ იყოს ეჭვი, მათგან ეპიდემიის გავრცელებისა. ჩვენც თანავუგრძნოთ მათ და დავრჩეთ სახლში, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს აღკვეთილი, ამ ეპიდემიის აღდგომის შემდგომი გავრცელება, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, უკვე აშკარად და ამას აღიარებს ხელისუფლება, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არანაირად არ არის გამართული და არ არის მზად იმისთვის, რომ ასეულობით ათასი ადამიანი დაემატოს ინფიცირებულებს.

როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სამზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება და მიუხედავად ამისა, ეკლესიაში მრევლი მაინც დადის. როგორ გგონიათ, ხომ არ ცდილობს ხელისუფლება ეპიდაფეთქების პასუხისმგებლობის ეკლესიისთვის გადაბარებას?!

ეკლესიამ დააგვიანა, ეკლესია ჩამორჩა, ეკლესია არის ჩარჩენილი საბჭოთა აზროვნებაში და ის არანაირად არ არის ორიენტირებული ხალხის ჯანმრთელობაზე. შეიძლება ესც იყოს, მაგრამ ეკლესია და სულიერი ხელმძღვანელობა, რომელიც ადამიანის სულიერებაზეა პასუხისმგებელი, ვალდებულია წინასწარ განსჭვრიტოს საფრთხე. ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან, თუ ეს იქნება ნებისმიერი განსაცდელის მხრივ. ამიტომ, ვერ დგას ეკლესია თავის მოწოდების სიმაღლეზე. ეკლესია უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რათა წინამძღოლობდეს მრევლს. რაც შეეხება შეკითხვას, ვერ გამოვრციხავ იმ საეკლესო და საერო ხელისუფლების პირობებში, რომელთაც არ გააჩნიათ შიში ღვთისა, მართლმადიდებლური აზროვნება, არც სახელმწიფოებრივი აზროვნება და არც სირცხვილის გრძნობა. ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ ამათ ხელში. ჯერ კიდევ, ციანიდის საქმემ დაგვანახა, თუ როგორი არაჯანსაღია მათი ურთიერთობა, თუ როგორ არაჯანსაღად არიან ისინი შეხმატკბილებულნი და შერჩევითი სამართლის ნორმებით არსებობენ. ისინი მზად არიან გაწირონ ადამიანები, გაწირონ ისე, როგორც ეს დეკანოზი მამალაძის შემთხვევაში მოხდა. თუ, ერთი მღვდლის გაწირვა შეძლეს, ათასობით ადამიანის გაწირვასაც შეძლებენ.

ანუ, შესაძლებელია ამ ვერსიის არსებობაც?

დღეების წინ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა რომისა და ნერონის მაგალითი მოიყვანა. რატომ მოიყვანა ეს მაგალითი, ვინც ვერ გაიგო, მინდა მათ განვუმარტო – ნერონმა ცეცხლი წაუკიდა ქალაქ რომს, ფაქტობრივად, მოაწყო სანახაობა და ქრისტიანებს დააბრალა ხანძრის გაჩენა. ამიტომ, ეკლესია ვალდებულია იყოს გონიერი. მისი მმართველობაც უნდა იყოს გონივრული და არა უგუნური, თორემ, სახარების თანახმად, ბრმა ბრმის მეგზური, ორივე ორმოში ჩავარდება. ეკლესიას უნდა გამოეჩინა წინდახედულობა და უფრო ადრე უნდა მიეღო პრევენციული ზომები და მოეწოდებინა მოსახლეობისთვის, რომ დარჩენილიყვნენ სახლში იგივე ხარების, ბზობის დღესასწაულებზე, თუ სააღდგომოდ.

როგორ გგონიათ ვინ დგას საპატრიარქოს განცხადებების უკან?

თვითონ ამბობენ, რომ “პატრიარქის გარეშე არ ვაკეთებთ განცხადებებს”-ო, ამიტომ, მე მგონია, რომ ეს არის უბრალოდ შეთანხმებული მოქმედება – პატრიარქის ნებას ახმოვანებს მის მიერ შექმნილი ბანდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სათავეში დგას პატრიარქი და მის მიერ შექმილი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო გარემოცვა. ღმერთის არ ეშინიათ და სირცხვილის გრძნობაც არ გააჩნიათ!

რას ურჩევს მარტვილისა და ჭყონდიდის განყენებული მეუფე საზოგადოებას?

ჩემი მოწოდებაა, დაუჯერონ სინსიდის ხმას, რომელიც არის პატარა ღმერთი. ვინაიდან “მწყემსი კეთილი” არ აღმოჩნდა ეკლესიის სათავეში, ამიტომ, მოუსმინონ სინდისის ხმას, შეიყვარონ მოყვასი, როგორც საკუთარი თავი და წარმოიდგინონ, თითქოს არიან ინფექციის მატარებლები და მათი ტაძარში წასვლით, თუ ქუჩაში გამოსვლით, აუცილებლად გადადებენ დაავადებას სხვას. ამიტომ უნდა შეინახონ საკუთარი თავი, ისე როგორც კარანტინში მყოფი ადამიანები იქცევიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად