ეკლესია დღეს ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებს

დღეს წითელი პარასკევია. დიდ პარასკევს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებს.

"პარასკევს 2 საათზე იქნება გარდამოხსნის გამოსვენება. შაბათს იქნება ლოცვა და მერე შაბათს, საღამოს 11 საათზე იქნება დასაწყისი საზეიმო ლიტანიობისა. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენ, მთელ სააქართველოს და მთელ მსოფლიოს", – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში ბრაძანა. 

ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ადამიანების გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. ეკლესიებში სრულდება სამეუფეო ჟამნი, რომლის დროსაც იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

 

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღისას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ გარდამოხსნას.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსხური აკმევს გარდამოხსნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, „მამაო ჩვენოს“ გალობის შემდეგ კი ტროპარის "მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი…" გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ და „საფლავში“ დაასვენებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება – მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში. 

სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. „ღვთისმშობლის გოდებაც“ აღევლინოს.



დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა.



ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ნებისმიერ სხვა ფერად შეღებილ კვერცხს ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...