ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მათგან პირადად მოისმინა შეფასებები და რეკომენდაციები. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საუბარი შეეხო ვირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებულ  მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობების გაზრდას. ყურადღება გამახვილდა სამედიცინო პერსონალის მობილიზებასა და მათი პროფესიული განვითარების საკითხებზე.

“მნიშვნელოვანი არის სისტემის სრული გაძლიერება იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველა ჰოსპიტალს და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გაწიოს მომსახურება კოვიდ ინფექციის მართვისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა იმ მარაგის დროული და შესაბამისი მოცულობით შექმნა, რომელიც შეეხება ტესტირების კომპონენტს და ასევე რა თქმა უნდა პირადი დაცვის საშუალებებს. ჩვენ ვიმსჯელეთ თუ როგორი უნდა იყოს, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის პასუხი, ამაში იგულისხმება თუ რა მარაგების შექმნის აუცილებლობაა კერძო სექტორში და რა კომპონენტში იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა. განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოხდეს პერსონალის გადამზადება იმისათვის, რომ შედარებით უფრო მაღალი ტალღის შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული ექიმების დაინფიცირების რისკი“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კოვიდ 19-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო. ექსპერტ აკაკი ზოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ვირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაინც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაძლიერება.

„მეორე და მესამე ტალღას მთელი მსოფლიო ელოდება და საქართველო გამონაკლისი არ არის. მით უმეტეს საუბარია ეკონომიკის, ტურიზმის, საზღვრების გახსნაზე, რაც ასე ვთქვათ, ვირუსის გავრცელების რისკს მოუმატებს და საქართველო თითოეულ ამ სცენარს უნდა დახვდეს მომზადებული. ამიტომაც, დღეს მოვისმინეთ ძირითადი პრინციპები, რაც ამ პოსტკრიზისულ გეგმაში არის ჩადებული. ხუთი ძირითადი მიმართულებაა და შეფასება მოხდა ექსპერტების მიერ. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მივიყვანოთ უკვე დეტალურ სამოქმედო გეგმამდე“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ექსპერტ გიორგი კამკამიძის თქმით, მისასალმებელია ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციისა და გაძლიერების კუთხით მუშაობა.

„კორონავირუსის ეპიდემიამ ასე ვთქვათ, დააჩქარა ინტეგრაციის ეტაპები, შესაბამისად ეს მისასალმებელია და დიდ საავადმყოფოებში ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იყოს ინფექციური განყოფილებები“, – აღნიშნა გიორგი კამკამიძემ.

საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრები უკვე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება და განხილვებს კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად