ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სისხლის ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასა და ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს, რომელიც სისხლის პროდუქტების წარმოების სისტემის გაძლიერებას, ხარისხის გაუმჯობესებას და ცენტრალიზებული სისტემის შექმნას ითვალისწინებს. განიხილეს სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობის საკითხიც.
კანონპროექტი სისხლის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს, რომელიც ევროდირექტივებთან იქნება შესაბამისობაში.
ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ერთიანი ხარისხის სისტემა, რომელიც სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს. მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასთან და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები. განისაზღვრება კომპეტენტური ორგანოს მიერ ლიცენზიის გაცემის წესი, სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები და ჩამოყალიბდება სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში კომპეტენტური ორგანო.
სისტემის გაძლიერების მიზნით, 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრი, ლიეტუველ და ჰოლანდიელ ექსპერტებთან ერთად ევროკავშირის დაძმობილების TWINNING პროექტს ახორციელებს . პროექტის ფარგლებში ქართველ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს სისხლის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კანონპროექტის მიღებით საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს შეასრულებს.
უსაფრთხო სისხლი საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

კომენტარები
იტვირთება...