ეკატერინე ტიკარაძე საჩხერეში, ე.წ. “ბამბეულის დასახლებაში” მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანმხლებ პირებთან ერთად საჩხერის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და აღმაშენებლის ქუჩაზე ე.წ. “ბამბეულის დასახლებაში” მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი დევნილებისთვის იმ პირობების გაცნობა იყო, რომლითაც მოხდება მათი საცხოვრებელი ფართების შესწავლა და ამ ფართების დაკანონება. მინისტრს თან ახლდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე დაიწყო სამუშაოები ამ კუთხით.

დევნილებს მიეწოდათ ასევე ინფორმაცია, რომ მათ უნდა შექმნან ე.წ. ,,ამხანაგობები“ და მათგან უნდა მოხდეს არსებული საყოფაცხოვრებო პრობლემების დაყენება სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამ ეტაპზე აღმაშენებლის ქუჩაზე დევნილის სტატუსის 12 ოჯახი ფიქსირდება.

დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ე. წ. საზღვრისპირა სოფელ პერევშიც იმყოფებოდა და სამედიცინო ამბულატორიას დისტანციური მართვის აპარატი და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურა გადასცა საჩუქრად. შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად