ეკატერინე ტიკარაძე ლექსო ლაშქარავაზე: კლინიკის მხრიდან პაციენტი სწორად მართული იყო

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, “დღის კურიერში” დასმულ შეკითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, როდესაც ის კლინიკიდან გაწერეს და ხომ არ იყო მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლა ნაადრევი – პასუხობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებული იყო ამ შემთხვევაში და ყველა ის პროცედურა ჩაუტარდა, რაც მისი ჯანმრთელობისთვის იყო საჭირო.

“ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მობილიზებულია ასეთ დროს და ზოგადად ჩვენთვის ყველა ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, განურჩევლად მისი ასაკის, სქესისა თუ პროფესიული მოღვაწეობისა. ამ შემთხვევაში კი, ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალებული იყო 5 ივლისის დღეს, კონტროლის ქვეშ იყო ჯანდაცვის სამინისტროსგან. ჩვენ დამატებით შევისწავლეთ რეგულირების სააგენტოს მხრიდან კლინიკაში მიმდინარე პროცესები და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკის მხრიდან პაციენტი სწორად მართული იყო. მას შესვლისთანავე ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, გაეწია შესაბამისი მკურნალობა 3 დღის მანძილზე. განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ კი, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, პაციენტს მკურნალობა უკვე ბინაზე შეეძლო. 12 ივლისს კი, მას განმეორებითი კონტროლი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ის უკვე ექიმთან ვეღარ მივიდა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვიქნებით ძალადობის მომხრე, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების საუკუნეში, ყველამ შევძლოთ და ერთმანეთთან ცივილური კომუნიკაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...