ეკატერინე ტიკარაძე: ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ყველანაირ არგუმენტს მოკლებული

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა და გარკვეულ კითხვებს აჩენს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია იგეგმება.

„ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეპიდემია, გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას. თუ მას კითხვები გააჩნდა, შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გაცემა. ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ ამას ადასტურებს არამხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები და კითხვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას.

ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი. საზოგადოებისთვის კი ნამდვილად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სწრაფი ტესტები დიდი რაოდენობით, საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ის ღერძი და მყარად დგას იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოში ხდება ჩვენი მოქალაქეების ძირითადად PCR ტესტით ტესტირება, ყველა ჩვენი სტატისტიკა არის სარწმუნო, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა იხსნება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად