ეკა საათაშვილის აგნესა – ცხოვრება ორი სახელით

 25 წელი გავიდა, რაც თემურ ბაბლუანის დრამა „უძინართა მზე“ გადაიღეს, თუმცა ფილმი დღემდე არ კარგავს პოპულარობას. „აიპრესი“ აგნესას როლის შემსრულებელს, ეკა საათაშვილს ესაუბრა და დაინტერესდა რას საქმიანობს დღეს აგნესა, რა მოუტანა მას „უძინართა მზემ“ და როგორია ცხოვრობდე დღემდე ორი სახელით.

დღეს ფაქტობრივად ცხოვრობ ორი სახელით, ეკა და აგნესა, რა მსგავსებები და განსხვავებებია შენსა და აგნესას შორის?

ამ ფილმის შემდეგ მართლა მივეჩვიე ამ ორი სახელით ცხოვრებას. ბევრმა არც იცის ეკა რომ მქვია, ოღონდ მხოლოდ სახელი გავითავისე, ისე სულაც არ ვგავარ აგნესას. ჩემი ხასიათი რომ ჰქონოდა აგნესას, მამის ცხოვრების შეცვლას არ შეეცდებოდა, მიიღებდა ისეთს როგორიც არის და იქნებ საქმე ბოლომდეც მიეყვანა – კიბოს წამალი გამოეგონებინა.

“უძინართა მზე ” არის ფილმი, რომელმაც შეიძლება ითქვას პოპულარობა დღემდე არ დაკარგა, რას ნიშნავს შენთვის სწორედ ასეთ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი, რა მოგიტანა “უძინართა მზემ”?

იმ ასაკში ვიყავი, როდესაც ნამდვილად ვერ გავთვლიდი როგორ ფილმში მიღებდნენ. უბრალოდ გამიმართლა, რომ ერთი როლი შევასრულე, ისეთი დონის ფილმში როგორიც „უძინართა მზეა“. ამ როლის შესრულებამ, არც თუ დადებითი გმირის მიუხედავად, მაინც დიდი სიყვარული მომიტანა და უამრავი მეგობარი შემძინა. დღემდე გრძელდება ეს და ამით მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ამით ნამდვილად გამათამამა აგნესას როლმა.

ყველა გცნობდა და გცნობს დღესაც, სრულიად უცხო ადამიანებისგანაც ალბათ მოგისმენია ბევრი კომპლიმენტი.

კი ასეა, ცოტა მიკვირს კიდეც. მგონია რომ დიდი დრო გავიდა და მეც ისეთი აღარ ვარ, როგორიც ფილმში. თუ რომელიმე არხი აჩვენებს ფილმს, ზუსტად იმ დროს, როცა დათო და გუჯა ერთად მღერიან საავადმყოფოში, ყველას ერთდროულად ეშლებათ ნერვები ჩემს საქციელზე და მირეკავენ. ამდენი წელი გავიდა და მაინც სულ ასე ხდება.

აგნესა, ფილმის შემდეგ როგორც ეკა საათაშვილი გვხვდება ჟურნალისტიკაში. ხშირად მსმენია ჩვენი კოლეგებისგან რომ პროფესიის არჩევის დროს, ჟურნალისტიკასა და თეატრალურს შორის არჩევანის გაკეთება უჭირთ ხოლმე, შენს შემთხვევაში როგორ იყო?

მე ბედნიერი ვარ რომ ჟურნალისტიკა ავირჩიე, ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, ამიტომ მიყვარს და ძალიან დაღლილსაც რომ მკითხოთ მაინც ვიტყვი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

დღეს სად საქმიანობს ეკა საათაშვილი და ხომ არ ნანობს რომ თეატრში და კინოში არ დარჩა?

დღეს უკვე რადიო ფორტუნას, ტელევიზიებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების თუ გაზეთების შემდეგ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვმუშაობ. მეორე წელია აქ ვარ და მიმაჩნია, რომ ესეც ჩემი სწორი არჩევანია.

რა სამომავლო გეგმები გაქვს?

ამ ეტაპზე დასვენებაზე ვფიქრობ, შვებულებაზე. სადმე მთაში მინდა, ჰამაკში წიგნის კითხვაში გავატარო კუთვნილი შვებულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად