ეკა ბესელიამ ოკუპირებული ახალგორიდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მიღებულ წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელიც მისივე განცხადებით, სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებოა.

ipress ეკა ბესელიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ”

“ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებოა!
მთხოვეს კონფიდენციალობა დავიცვა ავტორის მისივე უსაფრთხოების გამო.

,,მივმართავთ დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას, თქვენ მაინც მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და მთავრობას!

რაც, სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხარემ ბლოკპოსტი გააკეთა, მას შემდეგ ოსებმა გადაკეტეს საზღვარი და არავის აღარ უშვებენ. ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა. 1500-ზე მეტი მოსახლეა ჩარჩენილი და ფატობრივად მძევლად ჰყავს ოსურ მხარეს. არა აქვთ ოსური ანუ რუსული პასპორტები. აქედან გამომდინარე არც პენსია აქვთ და არც სხვა რიმე დახმარება. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქართულ პენსიასა და სოციალურ დახამარებაზე. 3 თვეა არავის საქართველოს სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. არც პურის, არც შეშისა და არც წამლის ფული არა აქვთ. დადიან მშივრები და გაყინულები და ალბათ ნელ-ნელა ყველა დაიხოცება. არის ოჯახი, სადაც ერთი მოხუცია დარჩენილი. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, რომლებსაც მომვლელიც კი არავინ ჰყავთ. ასევე, არიან ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც სწავლა შეუწყდათ, რადგან საზღვარზე არ მისცეს გადასვლის უფლება. ასობით ოჯახი გაიყო და გაიხლიცა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმარი იქეთ და პირიქით. ენატრებათ შვილები და შვილიშვილები. არიან უმძიმესი ონკოლოგირი ავადმყოფები, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა და იტანჯებიან ტკივილებისგან. პროდუქტი ცხინვალიდან ჩამოდის და იმდენად ძვირია, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი ვერც ყიდულობს და ფაქტიურად შიმშილობენ. სამედიცინო პირველადი დახმარებაც კი არ არსებობს.

გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ! გთხოვთ, ეს წერილი გადაუგზავნეთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ, აქედან ჩვენი ხმა არავის ესმის.

მივმართავთ ხელისუფლებასა და მთავრობას,
ვინმეს გაქვთ ჩვენი დარდი? ჩვენ არ ვართ ქართველები? ჩვენ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები? თუ მოგვიძულეთ და გაგვწირეთ, ესეც ვიცოდეთ და სასწაულის იმედი მაინც აღარ გვექნება.
გვიშველეთ, სანამ სული გვიდგას, ვიხოცებით… დავიღალეთ წამებული ცხოვრებით.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად