ეკა ბესელია: უმრავლესობაში მყოფმა ქალებმაც არ მისცეს ხმა ჩემს ინიციატივას , მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ქალმა თავმჯდომარემ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ეხმაურება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტში მისი ალტერნატიული წინადადების ჩავარდნის საკითხს, რომელიც საარჩევნო სიის ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის სავალდებულო წესით ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენლის ჩასმას ითვალისწინებდა.

“უნდა იცოდეთ, ვინ მისცა წინააღმდეგ ხმა ჩემს წინადადებას, საარჩევნო სიის ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის სავალდებულო წესით ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ანუ საარჩევნო სიაში ყოველ სამ კანდიდატში თუ ორი კაცია ერთი მაინც იყოს ქალი კანდიდატი – აი ამ წინადადებას წინააღმდეგ ხმა მისცა ირაკლი კობახიძემ, დიტო ხუნდაძემ, გია ვოლსკიმ, გურამ მაჭარაშვილმა….არ გავაგრძელებ, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება რომ უმრავლესობაში მყოფმა ქალებმაც არ მისცეს ხმა ამ ინიციატივას , მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ქალმა თავმჯდომარემ,” – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 91 მომხრე 2 -ის წინააღმდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შემოთავაზებულია შემდეგი სახის ცვლილებები: 

  • 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ;
  • 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი)
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად