ეკა ბესელია: სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დავაზღვევდი და კარგი იქნება საერთაშორისოს ჩართვა

“ფართო არეალს არ უნდა ტოვებდეს ექსპერტიზის დასკვნა. სისხლის სამართლის საქმეში არის კლასიფიცირება – სუბიექტური და ობიექტური მტკიცებულებები. სუბიექტური არის მოწმის ჩვენებები. ობიექტურ მტკიცებულებებს მიეკუთვნება ექსპერტიზის დასკვნა”, – ამის შესახებ პარლამენტარმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთი სწორი გზაა ალტერნატიული ექსპერტიზების ჩატარება და შემდეგ კომპლექსური ექსპერტიზა.

“ფართო არეალს არ უნდა ტოვებდეს ექსპერტიზის დასკვნა. სისხლის სამართლის საქმეში არის კლასიფიცირება – სუბიექტური და ობიექტური მტკიცებულებები. სუბიექტური არის მოწმის ჩვენებები, რომლის აღქმაც სხვადასხვაგვარია და შეიძლება ორმა მოწმემ ერთი და იგივე საგანი აღგიწეროთ სხვადასხვანაირად. შეიძლება ის არ დაემთხვეს ერთმანეთს და შეიძლება ამიტომაც არ იყოს სარწმუნო. ყოველთვის უნდა გადაამოწმო. ობიექტურ მტკიცებულებებს მიეკუთვნება ექსპერტიზის დასკვნა. ის არის სპეციალისტი, რომელიც გეხმარება, რომ ბევრი მტკიცებულებები შეაჯერო ერთად და საბოლოოდ გითხრას რა მოხდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს მიზეზობრივი კავშირი და ეს არის მისი ვალდებულებაა.

მეორეა, ვისმა ქმედებამ გამოიწვია ეს შედეგი. 17-ვე ერთნაირად დამნაშავე ხომ არ იქნებოდა?! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რომ ამ 17-დან ვისი როლი იყო ისეთი, ვისმა ქმედებამაც ეს შედეგი განაპირობა. ერთად მომქედებდნენ თუ ცალ-ცალკე, შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად. იმდენად რთული და ფაქიზია ამ დროს სწორი სურათი დაადგინო… ერთადერთი რამე უშველის გამოძიებას, ყოველგვარი ინტერესების მიღმა, თუ ვინმე იჩენს ასეთ ინტერესს, ყოველგვარი ჩარევის მიღმა… იქამდე მივდივართ, რამდენად აბარებს საგამოძიებო ორგანოები მიუკერძოებლობის ტესტს.

მე როგორც ვხედავ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაც ხდება. იმიტომ, რომ ბატონი გეჯაძე არ არის სახელმწიფო ექსპერტიზის წარმომადგენელი. კიდევ ერთი სწორი გზაა ალტერნატიული ექსპერტიზების ჩატარება და შემდეგ კომპლექსური ექსპერტიზა. კომპლექსურია, როდესაც არა მხოლოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელიც ერთ-ერთი მთავარია ამ დროს, არამედ მომიჯნავე ექსპერტებიც ერთად მუშაობენ, რომ კითხვები თუ ჩნდება და სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევს დასკვნა, ან ალბათობის მაღალი ხარისხით გელაპარაკება, ანუ არ არის კატეგორიული დასკვნა, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ალტერნატიული ან კომპლექსური ექსპერტიზა. ჩვენ არ გვაქვს ექსპერტიზის ძლიერი ბიურო, ალტერნატიული ექსპერტიზა უფრო ძლიერი მგონია, ყოველ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება. მე მაინც დავაზღვევდი და კარგი იქნება თუ გამოძიება საერთაშორისო ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართოს, როდესაც ასეთი სპეციფიკის და სირთულის საქმესთან აქვს საქმე. იმიტომ, რომ ჩხუბში ჩადენილი დანაშაული ყველაზე რთული გამოსაძიებელია. ჩვენებების მიცემაა პრობლემა, ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს და ძალიან რთული ამბავია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად