ეკა ბესელია: საარჩევნო ცვლილებებს მხარი გენდერული კვოტირების გამო დავუჭირე, ნათელაშვილის განცხადებას არ შევაფასებ

საარჩევნო ცვლილებებს მხარი გენდერული კვოტირების გამო დავუჭირე. ნათელაშვილის განცხადებას არ შევაფასებ, ამომრჩეველმა შეაფასოს, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ იმ შენიშვნების მიუხედავად, რაც ჩამოთვალეთ, დაუჭირეთ თუ არა მხარი საკანონმდებლო პაკეტს და თუ დაუჭერთ მხარს მესამე მოსმენაზეც?

_ იცით რა? ამ კოდექსში ერთი ღირებული ცვლილებაა, რომლის გამოც ხმა მივეცი პაკეტს. ეს არის გენდერული კვოტოირები შემოტანა. ეს არ არის საკმარისი და ალტერნატიული წინადადება არ გაიზიარა უმრავლესობამ. სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივია, რომ უმრავლესობის წევრმა ქალებმაც არ დაუჭირეს მხარი. იმიტომ, რომ მათი პარტიისგან ასეთი დავალება არ იყო. ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო და მათ შორის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემაც კი არ დაუჭირა მხარი. ირაკლი კობახიძემ კი წინააღმდეგ მისცა ხმა იმ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ყოველ სამ კანდიდატში ერთი უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. იმ პროექტში, რომელიც თავად შემოიტანეს – ყოველ ოთხ კანდიდატში 1 განსხვავებული სქესის წარმოამადგენელი ბევრი არაფერია, 150 წევრიან პარლამენტში 40 ქალი ბევრი არაა და პროგრესული არ არის. შემდეგ არჩევნებზე კი იზრდება, მაგრამ ამ არჩევნებისთვის დიდი ნახტომი არ არის. თუმცა, მე ამ პრინციპის გამო მხარი მაინც დავუჭირე.

_ ახსენეთ, რომ სოფო კილაძემ თქვენ ინიციატივას არ დაუჭირა მხარი. როგორ ფიქრობთ რატომ? რა ახსნა მოუძებნეთ ამას?

_ ეს მას უნდა ჰკითხოთ. პარტიამ არ დაავალა და იმიტომ არ დაუჭირა მხარი.

_ ახსენეთ ეს თემა და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება რიგი პოლიტიკოსების გამონათქვამებზე, მათ შორის ოპოზიციის ფლანგზე. შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც კი იყო, როგორია თქვენი შეფასება, თუნდაც ნათელაშვილის განცხადებაზე?

_ ამ განცხადებას მე არ შევაფასებ, ამომრჩეველმა შეაფასოს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად