ეკა ბესელია პენსიონერებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანისას დაწესებული ბაჟის გადასახადის მოხსნის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პენსიონერებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის დაწესებული ბაჟის გადასახადის მოხსნის ინიციატივით გამოდის.

ეკა ბესელია პარლამენტს მიმართავს და უმრავლესობას მოუწოდებს მას მხარი დაუჭიროს.

როგორც დეპუტატმა დღევანდელ პრეკონფერენციაზე განაცხადა, პენსიონერებისთვის სამართლებრივი დახმარების მიღების ბარიერი შესაძლოა, აღმოჩნდეს სწორედ ეს ბაჟი, რომელიც სასამართლოს ყველა ინსტანციის შემთხვევაშია დაწესებული და რომლის რაოდენობაც, ყოველი შემდგომი ინსტანციისთვის მიმართვის შემთხვევაში იზრდება.

„ეს არის გათავისუფლება ბაჟისგან, როდესაც მათ დასჭირდებათ სასამართლოში მიმართვა. რა არის ამ ინიციატივის მთავარი მოტივაცია? პირველი ის, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია სიღარიბის დონე და სიღარიბის მაჩვენებელი არის ისეთ ნიშნულთან, რომელიც გვაიძულებს, დავფიქრდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად უჭირს. ამ ყველაფრის დამძიმების განმაპირობებელი არის ასევე, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი. კოვიდ -19 -ის ახალმა გამოწვევამ შესაძლოა, წარმოქმნას ახალი ტიპის სამართლებრივი პრობლემები, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის აუცილებელი სამართლებრივი დახმარების მიღების საჭიროებას. აქ შეიძლება დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიც არიან პენსიონრები, რომ მათ ვერც კი მიმართონ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, რადგან არსებობს ბაჟი, როგორც წინაპირობა, რომელიც აუცილებელია სარჩელის შეტანის დროს ყველა ინსტანციის სასამართლოში და ყველა შემდგომ ინსტანციაში ბაჟის ოდენობა იზრდება” -განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით,  ინიციატივა, რომლითაც პარლამენტს მიმართავს არის ის, რომ ბაჟის შესახებ კანონში, სადაც არის ჩამონათვალი, შეღავათები ვისზე შეიძლება გავრცელდეს და არ გვყავს ამ ჩამონათვალში პენსიონრები, ყველა პენსიონერზე გავრცელდეს ეს გამონაკლისი და ყველა მათგანი ყველა ტიპის სარჩელის შეტანის დროს გათავისუფლდეს ბაჟის გადახდისგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად