ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს: რაღაცას რომ ამბობთ, შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი გაქვთ თუ არა საერთოდ?

“რა საოცარია, ყალბი ამბების გავრცელებასა და ამ ამბებისგან თავის დაცვაზე, რომ მმართველი პარტიიდან გველაპარაკებიან. დავით მათიკაშვილს თუ უნდა რომ უთხრათ, როგორ დაიცვას თავი, გადართეთ “იმედზე” და იქ მოძებნეთ გია აბაშიძე, ერთერთი საოცარი მეზღაპრე, წინასწარმეტყველი, რომელიც ყალბ ამბებს ისეთი საოცარი რომანტიულობით გვიყვებოდა, ვაკის პარკში რომ დასეირნობდა, იქ რაღაცეებს რომ უყვებოდნენ და მერე, მეორე დღეს, მეორე ხმაში სოფო კილაძე რომ გამოდიოდა და იმეორებდა. გია აბაშიძე ჩემი თვალით რომ მყავს “ქართული ოცნების” შტაბში, ახლა “იმედის” წამყვანად   როგორ გიყვებათ ნამდვილ ამბებს, იქ მოიკითხეთ. ცოტა რაღაცას რომ ამბობთ, ცოტა შუბლზე ხელი მოისვით, შუბლის ძარღვი გაქვთ თუ არა საერთოდ”!

ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით მათიკაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ეკა ბესელია დავით მათიკაშვილის იმ შეკითხვას გამოეხმურა, რომელიც მან პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას დაუსვა და როგორც ქვეყანაში ნომერ პირველ ადამიანის უფლებების დამცველს, მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა.

“მკაფიო პოზიცია მინდა მოვისმინო ფეიკის, როგორც  საზოგადოების მოტყუების და ცილისწამების იარაღის შესახებ, რომელიც კონკრეტული პარტიული ტელევიზიების და მათი რუპორების მხრიდან ვრცელდება. კითხვა მინდოდა ჩამომეყალიბებინა იმგვარად, რომ მესაუბრა პირადად ჩემს თავზე, ჩემს კოლეგებზე, რომელთა მიმართაც არაერთი ბინძური და ცილისმწამებლური სიუჟეტი გავიდა, თუმცა, ბოლო პერიოდში განხორციელდა და გაჟღერდა ისეთი ფეიკ-ნიუსი, რომელმაც ჩვენი საკითხი უკანა პლანზე გადაწია. თქვენ ბრძანდებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წინა ფრონტის ხაზზე ჩვენი ქვეყნის პირველი ჯარისკაცი. ბავშვთა პორნოგრაფიის ტირაჟირება და გავრცელება ტელევიზიის მიერ, არის თუ არა დანაშაული და რა სახით უნდა ვებრძლოთ მას. ეს ანგრევს ბავშვების მომავალს, მათ ფსიქიკას და და ამაში, ალბათ ორი აზრი არ არსებობს. მეორე საკითხი – პანდემიის გავრცელების შემდგომ ჩვენი ქვეყანა აღიარებული იქნა როგორც მოწინავე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფრონტის წინა ხაზზე სწორედ ექიმები დაგანან. ასევე პარტიული ტელევიზიებიდან გაჟღერდა გაუგონარი ტყუილი, რომ თითქოს სახელმწიფო აგზავნის წარმოამდგენლებს, სთავაზობს კონკრეტულ ოჯახებს თანხებს იმისთვის რომ მათ ადამიანის გარდაცვალება გაასაღონ, როგორც კორონავირუსის შედეგად მომხდარი ფაქტი. მითხარით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, რა ხერხით და მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე დანაშაულს?” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად