ეკა ბესელია: იუსტიციის საბჭოში პროცესი ძალიან ცუდად მიდის. ამ პროცესს ნდობა არ აქვს

“არ ვაპირებთ, პარლამენტში უმრავლესობას იოლად შევაძლებინოთ, მათი სასურველი კანდიდატები გაიყვანონ.”

ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„სასამართლოში კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს. იუსტიციის საბჭოში პროცესი ძალიან ცუდად მიდის. ამ პროცესს ნდობა არ აქვს. არის დარღვევები და აშკარად ჩანს, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა სასურველი სია გამოცხვეს და პარლამენტში ისე მოვიდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, კანდიდატთა სიას პარლამენტში უკვე ჰყავს თავისი ლობისტები და არ აპირებს, პროტესტი მხოლოდ პულტზე წინააღმდეგ ხმის მიცემით გამოხატოს.

„მზად ვარ ყველანაირი ფორმისთვის. ვამბობ დასაშვებ პოლიტიკურ ფორმას, რომ ამ პროცესს წინააღმდეგობა გავუწიო, რათა ის ჯანსაღად წარიმართოს და საუკეთესო კანდიდატები ავირჩიოთ; თუნდაც, რამდენიმე ავირჩიოთ, დანარჩენი კი ახალმა პარლამენტმა აირჩიოს, რომელსაც გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია ექნება და ახალმა იუსტიციის საბჭომ შეარჩიოს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ქვეყნისთვის ძალიან პრინციპული საკითხია და დღეს ამაზე მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი არ არის.

„ამან უნდა გადაწყვიტოს თქვენი და ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ხვალინდელი დღე – როგორ ქვეყანაში იცხოვრებს, როგორ იქნება დაცული მისი უფლებები და ა.შ. აგერ, ყველაფერი, რაც ქუჩაში მოხდა, ისევ ამ მოსამართლეებთან მიდის და ვისთან მიდის, ვისაც არ ენდობი?!“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ მმართველობითი სისტემა კლანური ჩამოყალიბდა.

„ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია. ბოლო ოცი წელია, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ძალიან ბევრი ენერგია, ძალიან ბევრი წელიწადი გავიღეთ და მინდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს შედეგი დადგეს, რომ მერე, მეც მშვიდად დავუბრუნდე ჩემს პროფესიას “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად