ეკა ბესელია: ეს არის ბრძოლა უზენაესი სასამართლოს ხელში ჩასაგდებად

“ისტორიაში თუ რამე ჩაიწერება, ეს იქნება ძალიან მძიმე სურათი, რა გვჭირს დღეს სასამართლოში”, –  ​ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დაასახელა იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომელმაც მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობა დაადგინოს.

ეკა ბესელიას თქმით, მთელ ამ პროცესში, ერთადერთი, რაც იყო კარგი, იყო ის, რომ ღიად გადაიცემოდა კითხვა-პასუხი და კანდიდატებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად შთაბეჭდილებები შეიქმნა და ეს დაეხმარება პარლამენტის წევრებს, რომ შთაბჭდილება შეიქმნან, ვის უნდა უზენაეს სასამართლოში უვადოდ ჩაიბაროს ეს მნიშვნელოვანი პოზიცია.

“რა დონის კითხვებს სვამდნენ და რა დონის პასუხებს ვიღებდით, მათ შორის, იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც უვადოდ არიან დანიშნული, იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომელთა გვარებიც არ მოხვდა ამ 20-კაციან სიაში. ისტორიული გახდება გადაწყვეტილება და კენჭისყრა, რომელიც შედგება ამ პარლამენტში, თორემ ამ 20 კაციან სიას, რამდენიმე გამონაკლისი გარდა, კარგად ეტყობა, რა სახელიც ჰქვია: ეს არის ბრძოლა უზენაესი სასამართლოს ხელში ჩასაგდებად.

“სამწუხაროა, რომ ამ 20 კაციან სიაში არცერთი ადვოკატი არ მოხვდა, სამწუხაროა რომ 10 კაციანი შავ-ბნელი სიიდან 5 გვარი ისევ მეორდება და სამწუხაროა, რომ კიდევ დაემატა გვარები, რომლებიც იმ ძალადობრივ სისტემას ამაგრებდა წინა ხელისუფლების დროს”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...