ეკა ბესელია დაჩქარებული წესით ითხოვს კანონპროექტის განხილვას, რომელიც გულისხმობს ბიულეტენების გადათვლის მექანიზმის შექმნას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ახალ ინიციატივას პარლამენტში დაარეგისტრირებს, რომელიც ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და გულისხმობს შესაძლო გაყალბების თავიდან აცილებისა  და ბიულეტენების გადათვლა-გადამოწმების მექანიზმის შექმნას. 

ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ კანონპროექტი მომზადებულია ვახტანგ ხმალაძის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია.

ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა იქნას მიღებული 13 ივლისის რიგგარეშე სესიის ფორმატში.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვენლეობით არის განსაკუთრებული და განსაზღვრავს ქართული დემოკრატიის ხვალინდელ დღეს. ამიტომ დიდი ინტერესია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და არჩევნების ჩატარების ობიექტურობა, სამართლიანობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმ ნდობას რომელიც ქვეყანას სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ხოლო ნდობის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს ჩატარებული არჩევნების სამართლიანი წესები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა წარდგენილი იყო სამუშაო ჯგუფში, რომელიც მუშაობდა ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით და მას მხარს უჭერდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, თუმცა არ იქნა ასახული იმ პროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა პარლამენტში.

“წინა კვირაში დაჩქარებული წესით მივიღეთ საარჩევნო კოდექსი, მე დავაყენე ეს საკითხი სესიაზე, რომელიც ეხებოდა ბიულეტენების გადათვლის შესაძლებლობას. ამ პარტიების სახელით შევთავაზე მომხსენებლ კობახიძეს, თუმცა არ იყო გაზიარებული. არგუმენტი არ მოგვისმენია, არ უთქვამთ არაფერი. ვინც ამ საკითხს გაურბის, კითხვის ნიშნებს ტოვებს, რადგან ეს არის კარგი მექანიზმი, დავიცვათ ყველა ამომრჩევლის ხმა. ამიტომ მოვითხოვ, 13 ივლისის რიგგარეშე სესიის და სხდომების ფარგლებში, დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ინიციატივა” -განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად