ეკა ბესელია: არჩევნებში ძალოვნების ჩართულობას კოდექსი ვერ უშველის, საჭიროა პოლიტიკური ნება (ინტერვიუ)

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ოპოზიციას შენიშვნები ისევ აქვს და ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური საკითხები არ გაითვალისწინა. ხელისუფლების მიღებულ ცვლილებებს აკრიტიკებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელიაც, თუმცა მან კანონპროექტს ხმა მისცა.

რა გახდა ეკა ბესელიას მოტივაცია, რომ მხარი დაეჭირა საკანონმდებლო პაკეტისთვის და რა შენიშვნები აქვს მას, ამ საკითხზე დამოუკიდებელი დეპუტატი „აიპრესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

_ როგორია თქვენი შეფასება იმ საკითხზე, რაც უკავშირდება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს? ემსახურება ეს ცვლილებები იმას, რაც ქვეყნის წინაშეა და თუ გაქვთ რაიმე შენიშვნები?

_ მთლიანობაში ეს პროცესი რომ შევაფასოთ პრინციპში არის ცვლილებების ნაწილი, რომელიც ეხმიანება ეუთოს რეკომენდაციებს. არის დიდი ნაწილი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული. მათ შორის ეს არ ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, რომლის დაკომპლექტების წესიც არის ერთ-ერთი პრობლემური ამ რეკომენდაციებში.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია პარტიების მოთხოვნა, რომ იყოს სამართლიანი და კონკურენტული გარემო სარეკლამო დროის განაწილების, საეთერო დროის განაწილებისა და დაფინანსების კუთხით. ყველაფერი მაინც მორგებულია კვალიფიციურ პარტიებზე. არაკვალიფიციურ პარტიებზე ეს ცვლილებები სამწუხაროდ არ გაითვალისწინეს.

_ დაზუსტებისთვის გკითხავთ, საბიუჯეტო დაფინანსებაზე საუბრობთ?

_ კი, საბიუჯეტო დაფინანსება და წინასაარჩევნოდ სარეკლამო დროის განაწილება, მათ შორის საეთერო დროის განაწილებაც. პარტიებს, რომლებსაც კვალიფიციური პარტიების სტატუსი არ აქვთ. კვალიფიციურ პარტიებს ისედაც აქვთ დაფინასებაც და ძლიერი ინფრასტრუქტურაც. ამიტომ ეს საკითხი არაკვალიფიციური პარტიებისთვის სერიოზული პრობლემაა. ახალი პარტიებისთვის რჩება უთანასწორო და არასამართლიანი გარემო.

მესამე საკითხია არის ხელოვნური ბარიერები, რაც ექმნებათ ასეთ პარტიებს არჩევნებისთვის. ამისთვის 5 000 ხელმოწერის შეგროვება ამ კოვიდის პირობებში ერთ-ერთი რთული და პრობლემური საკითხია. ნაცვლად ორთვიანი ვადისა, მათ ექნებათ ერთთვიანი ვადა. რეალურად, ეს ცვლილებები ძალაში შევა ალბათ ერთ კვირაში და რეგისტრაციის ვადა 15 აგვისტოს მთავრდება. ვინც ხელმოწერების შეგროვებას ვერ მოასწრებს, შესაძლოა რეგისტრაციაც კი ვერ გაიარონ.

ეს სერიოზული პრობლემაა. ამიტომ ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად ჩვენ შევთავაზეთ, რომ პანდემიის გამო მოდი იყოს დროებითი ჩანაწერი, რა დროსაც ამ არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვება არ იქნებოდა სავალდებულო, რომელსაც ყოველთვის ფორმალური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ ეს გამოყენებულია, როგორც პარტიის რეგისტრაციისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნა.

_ რა პასუხი აქვთ ამ საკითხზე უმრავლესობაში?

_ იცით რა? გადაწიეს 15 დღით, მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა. თუ აქამდე ორთვიანი ვადა ჰქონდათ პარტიებს, ახლა აქვთ ერთთვიანი და ამაზე პასუხი არ აქვთ. ამაზე არანაირი შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოდგა. ეს მგონია, რომ ხელოვნური ბერკეტია იმისათვის, რომ არასასურველი პარტიები ჩამოიცილონ კამპანიიდან და ამ მიზეზით არ გაატარონ რეგისტრაციაში.

_ ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ყოველთვის იყო არჩევნებში ძალოვანი  სტრუქტურების ჩარევის თვალსაზრისით. ამ მხრივ თუ გადაიდგა რაიმე ნაბიჯები იმ მხრივ, რომ მათი მაქსიმალური დისტანცირება მოხდეს საარჩევნო პროესისგან?

_ ამას სამწუხაროდ ვერანაირი კოდექსი ვერ უშველის. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და ჩაურევლობა ისედაც წერია, მაგრამ ის, რომ მათ უფლება აქვთ საარჩევნო პერიოდში მობილიზებულები იყვნენ საარჩევნო უბანზე წესრიგის დაცვის ლეგიტიმური არგუმენტით, ეს ხომ არის იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნების დღესაც მოხდეს კონცენტრირება საარჩევნო უბნებზე. წინასაარჩევნო პერიოდში რამდენად შეიძლება იყოს ეს აცილებული, ეს ძალიან რთულია. ამიტომ, ალბათ ამისგან დაზღვეული ეს არჩევნები არ იქნება და შეიძლება კიდევ უფრო დიდი დოზითაც კი ვიხილოთ ჩართულობა.

_ იმ შენიშვნების მიუხედავად, რაც ჩამოთვალეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტს მაინც დაუჭირეთ მხარი მესამე რა იყო თქვენი მოტივაცია?

_ იცით რა? ამ კოდექსში ერთი ღირებული ცვლილებაა, რომლის გამოც ხმა მივეცი პაკეტს. ეს არის გენდერული კვოტოირების შემოტანა. ეს არ არის საკმარისი და ალტერნატიული წინადადება არ გაიზიარა უმრავლესობამ. სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივია, რომ უმრავლესობის წევრმა ქალებმაც არ დაუჭირეს მხარი. იმიტომ, რომ მათი პარტიისგან ასეთი დავალება არ იყო. ეს ძალიან ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ, მათ შორის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ქალმაც კი არ დაუჭირა მხარი. ირაკლი კობახიძემ კი წინააღმდეგ მისცა ხმა იმ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ყოველ სამ კანდიდატში ერთი უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

იმ პროექტში, რომელიც თავად შემოიტანეს – ყოველ ოთხ კანდიდატში 1 განსხვავებული სქესის წარმოამადგენელი ბევრი არაფერია, 150 წევრიან პარლამენტში 40 ქალი ბევრი არაფერია და და პროგრესული არ არის. შემდეგ არჩევნებზე კი იზრდება, მაგრამ ამ არჩევნებისთვის დიდი ნახტომი არ არის. თუმცა, მე ამ პრინციპის გამო მხარი მაინც დავუჭირე.

_ ახსენეთ, რომ სოფო კილაძემ თქვენ ინიციატივას არ დაუჭირა მხარი. როგორ ფიქრობთ რატომ? რა ახსნა მოუძებნეთ ამას?

_ ეს მას უნდა ჰკითხოთ. პარტიამ არ დაავალა და იმიტომ არ დაუჭირა მხარი.

_ ახსენეთ ეს თემა და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება რიგი პოლიტიკოსების გამონათქვამებზე, მათ შორის ოპოზიციის ფლანგზე. შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც კი იყო, როგორია თქვენი შეფასება, თუნდაც ნათელაშვილის განცხადებაზე?

_ ამ განცხადებას მე არ შევაფასებ, ამომრჩეველმა შეაფასოს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად