ეკა ბესელია: არ ვიცი რა ღირდა იმად, რამხელა ზიანიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“და ქვეყანამ კლანთან გარიგებით

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტმა ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, რომ ამ ქვეყანას ჰქონოდა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო.

ამის შესახებ  ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე როგორც მის ალტერნატიულ კანონპროექტს, ასევე მმართველი გუნდის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მისი თქმით,  პოზიტიური დასკვნები, რასაც ქვეყანა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში იღებდა, შემოტრიალდა, რადგან „მართლმსაჯულების გზაზე გამოუსწორებელი შეცდომები იყო დაშვებული“.

„ამან ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მთელ გუნდს, ამაზე დიდი ზიანი 2018 წლის შემდეგ არცერთ სხვა გადაწყვეტილებაზე არ მიგიღიათ. ეს არ არის მხოლოდ პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანას მიადგა დიდი ზიანი. გულდასაწყვეტი ის არის, რომ დინამიკა რაც ჰქონდა ქვეყანას 2013, 2014, 2015, 2016 წლებში, როდესაც კარგ დასკვნებს ვიღებდით, რომ ქვეყნას რეფორმის გზაზე სწორი ხედვა ჰქონდა, პირველ რიგში, ეს იყო მართლმსაჯულების გზაზე გადადგმული ნაბიჯები, რადგან ამით იზომება საბოლოოდ, როგორია სხვა რეფორმები, ეს ყველაფერი უკან შემოტრიალდა და საზიანო დასკვნები მათ შორის 2 დღის წინ ქვეყანამ მიიღო, იმიტომ, რომ გამოუსწორებელი შეცდომა იყო დაშვებული მართლმსაჯულების გზაზე. არ მოაგვარებს ეს ცვლილება პრობლემას და არ დამთავრდება ეს კრიტიკა იმით, რომ მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. არ ვიცი რა ღირდა იმად, რამხელა ზიანიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტმაც და მთლიანად ქვეყანამ კლანთან გარიგებით. თუ ვინმემ აიხდინა ოცნებები, იმ კლანმა აიხდინა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების როგორც შერჩევის, ასევე კანდიდატთა არჩევის წესს საკანონმდებლო ორგანოში. ამავე დოკუმენტით განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად