ეკა ბესელია ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც მისი თქმით, იქნება თავსებადი და ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი დოკუმენტით იყო ნაკარნახევი.

როგორც ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, დოკუმენტი მიზნად ისახავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდეს კანდიდატთა სიის დაკომპლექტების საშუალება იმიტომ, რომ დაწუნებული და ჩავარდნილი კანდიდატების ნაცვლად დაიწყებს საბჭო დარჩენილი კანდიდატებიდან ახალი კანდიდატების წარმოდგენას, რომელიც ისევ იქნება მათი პირადი ინტერესებით შერჩეული.

“საჭიროა, დაუყოვნებლივ კანონში ცვლილების შეტანა და ამ ცვლილების პროექტს მე შემდეგ კვირას წარვადგენ. გარდა ამისა, პარლამენტს მივმართავ, რომ ის რეზოლუცია, რომელიც უკვე დღის წესრიგშია, კლანური მმართველობის შესახებ და ისახავს კონკრეტულ გეგმას, კენჭი უყაროს და ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე, უნდა ჩატარდეს კენჭისყრა.

კენჭისყრაზეა შეჩერებული იუსტიციის საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხი და ამ საკითხზე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რითიც საბჭოს აღარ ექნება შესაძლებლობა კვორუმის მობილიზების და მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც საკუთარ თავს მომავალ პარლამენტში მოიაზრებს, სთავაზობს, რომ გაფორმდეს შეთანხმება-მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ისინი კონსტიტუციაში ჩანაწერს – მოსამართლეთა უვადოდ არჩევასთან დაკავშირებით, გააუქმებენ.

„დადგინდება მოსამართლეთა ვადიანი გამწესების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე – რა ვუყოთ იმათ, ვინ უკვე არჩეულია კონსტიტუციით და კანონის პროცედურებით მოხდება იმ მოსამართლეების სახლში გაშვება, ვინც ვერ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების და მიუკერძოებლობის ტესტს. აქ გამოსავალი არის კონსტიტუციური ცვლილება.

ამაზე ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, არჩევნების წინ იმისთვის, რომ ეს პირობა შესრულდეს. ცუდი რეპუტაციის მოსამართლეები წავლენ სახლში, მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეები კი დაინიშნებიან სისტემაში. შეიცვლება იუსტიციის საბჭოს ფორმირებისა და კენჭისყრის წესი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად