ეგვიპტის რეფერენდუმზე, ამომრჩევლებმა საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერებას მხარი დაუჭირეს

ეგვიპტეში ჩატარებულ რეფერენდუმზე, ქვეყნის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას, არმიის ჩართულობის გაფართოებასა და საპარლამენტო სისტემის ცვლილებას. ამ ყველაფრის შედეგად, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ას-სისი თავის თანამდებობას 2030 წლამდე შეინარჩუნებს.

რეფერენდუმი, რომელიც სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ორშაბათს, 22 აპრილს დასრულდა. ქვეყნის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 88,83%-მა დაუჭირა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ას-სისიმ, თავის ტვიტერზე ქვეყნის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. როგორც პრეზიდენტი წერს, ქვეყანამ მსოფლიო გააოცა პრობლემის გაცნობიერების უნარით, იმ პრობლემისა, რომლის წინაშეც ეგვიპტე აღმოჩნდა.

ახალი ცვლილებების მიხედვით, საპრეზიდენტო ვადა 4 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა, ქვედა პალატის დეპუტატების რაოდენობა კი 596-დან 450-მდე შემცირდება. ცვლილებები აგრეთვე შეეხება სასამართლო სისტემასა და არმიის ჩართულობის გაფართოებას.

პრეზიდენტს უფლება ექნება, დანიშნოს მოსამართლეები და გენერალური პროკურორი, რომელსაც ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. აგრეთვე შეიქმნება მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი ჩაუდგება სათავეში და გაფართოვდება სამხედრო მოსამართლეების იურისდიქცია.

არმიის ამოცანა კი უკვე არამხოლოდ ქვეყნისა და ქვეყნის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ კონსტიტუციის, დემოკრატიისა და სახელმწიფოსა და სახელმწიფო ცივილიზაციის საფუძვლების დაცვაც იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ქვეყანაში გაჩნდება ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა და აღდგება პარლამენტის ზედა პალატა, იგივე სენატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად