ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ორშაბათს, კაიროში სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ყოფილმა პრეზიდენტმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა. ჯერჯერობით, მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის.
პროკურორის განცხადებით, მუჰამედ მურსის ცხედრის პირველადი სამედიცინო გამოკვლევა მოწმობს, რომ მას ტრავმები არ აღენიშნებოდა.
თუმცა, აქტივისტები და ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები რეგულარულად ჩიოდნენ, რომ მურსი ციხეში პატიმრობისთვის არასათანადო პირობებში იმყოფებოდა. კერძოდ, მათი თქმით, მუჰამედ მურსს მაღალი არტერიული წნევისა და დიაბეტის გამო შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მურსი მუდმივად ერთი ადამიანისთვის განკუთვნილ საკანში ჰყავდათ.

როგორც ოჯახი მიიჩნევს, ხელისუფლების მიზანი იყო, რომ ის რაც შეიძლება მალე ბუნებრივი მიზეზებით გარდაცვლილიყო.
მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ განცხადებით, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალება „მკვლელობა იყო“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...