ეგვიპტეში, ალექსანდრიის შემოგარენის პლაჟზე, წყალწაღებულის მისაშველებლად ზღვაში შესული 10 კაცი დაიხრჩო

10 ივლისს, დილით, ეგვიპტეში, ალექსანდრიის შემოგარენში 11 კაცი დაიხრჩო ზღვაში.

ტრაგედია ალექსანდრიის მახლობლად არსებულ, კლდოვანი სანაპიროთი და ჩქარი დინებით ცნობილ ერთ-ერთ პლაჟზე მოხდა.

ზღვაში შესულ ბიჭს უკან გამოსვლა გაუჭირდა და მის საშველად პლაჟზე მყოფი ერთ-ერთი მამაკაცი გადახტა წყალში. პლაჟზე მყოფებმა შენიშნეს, რომ მამაკაცი სწრაფ დინებასთან გამკლავებას და ბიჭის დახმარებას ვერ ახერხებდა და მათ საშველად ზღვაში ცხრა კაცმა შეცურა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელ გენერალ-მაიორ ჯამალ რაშადის თქმით, ყველა მათგანი დაიღუპა. გუშინ, გვიან საღამოსთვის, საგანგებო ჯგუფების მიერ მხოლოდ 6 გვამი იყო ნაპოვნი.

ალექსანდრიის სანაპიროზე მდებარე პლაჟები მთელ მსოფლიოში სარგებლობს პოპულარობით, თუმცა, ამჯერად, კორონავირუსის გამო, პლაჟები დახურულია და მაშველები არ მუშაობენ. ხელისუფლების თქმით, ჯგუფი დილით ადრე გავიდა ზღვაზე და ამგვარად შეეცადა არ მოხვედრილიყო პოლიციის თვალთხედვის არეში.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ტრაგედიის ადგილი დიდი ხანია ცნობილი თავის სწრაფი დინებით. ამ ადგილებში ყოველწლიურად არაერთი ადამიანი იხრჩობა ზღვაში და ადგილობრივი პოლიტიკოსები მუდმივად მოითხოვენ პლაჟის დახურვას. ამჟამად, ტემპერატურის 38 გრადუსამდე ასვლის გამო, მოსახლეობის ნაწილი არ ემორჩილება აკრძალვებს და სიცხეებისგან თავის დაღწევას პლაჟზე გასვლით და ზღვაში ბანაობით ცდილობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად