ეგვიპტე მოითხოვს, Christie’s აუქციონზე ფარაონ ტუტანხამონის სკულპტურა არ გაყიდონ

ეგვიპტის ხელისუფლება მოითხოვს, რომ Christie’s აუქციონზე ფარაონ ტუტანხამონის სკულპტურის გაყიდვა გაუქმდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღეს, ლონდონში ყავისფერი კვარციტისგან დამზადებული ხელოვნური ნიმუში უნდა გაიყიდოს, რომლის სიმაღლე 28 სანტიმეტრია.
მისი პოტენციური ღირებულება 4 მლნ ფუნტ სტერლინგზე მეტია (5 მილიონ დოლარზე მეტი).

სიძველეთა საკითხებში ეგვიპტის ყოფილმა მინისტრმა ზაჰი ჰავასმა აღნიშნა, რომ ბიუსტი სავარაუდოდ, 1970-იან წლებში სხვა ნივთებთან ერთად ტაძრიდან მოიპარეს.

1983 წელს ეგვიპტემ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ისტორიული ნივთების ექსპორტს კრძალავს.

ამა წლის 11 ივნისს, ეგვიპტის ხელისუფლებამ დიპლომატიური გზით მიმართა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და მოუწოდა, შეწყვიტოს ფარაონ ტუტანხამონის ქვის ბიუსტის გაყიდვის მცდელობა. ეგვიპტე მოფიციალურ ლონდონს აგრეთვე მოუწოდა, დააბრუნოს იგი ლუქსორში.

„ეგვიპტის საელჩო ლონდონში დაუკავშირდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და აგრეთვე აუქციონის სახლს, რათა შეაჩეროს გაყიდვების პროცესი. ჩვენ აგრეთვე მოვითხოვთ მის ეგვიპტეში დაბრუნებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ეგვიპტის საგრეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ბიუსტი ლუქსორში მდებარე აკლდამიდან მოიპარეს და იგი  თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...