ფოლკლორის ცენტრში ანსამბლ „ჩვენებურების“ და ლელა ნაყეურის ლაივ კონცერტი გაიმართება

პროექტ „ხალხური საღამოების“ ფარგლებში, 10 დეკემბერს ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ანსამბლ „ჩვენებურების” და ლელა ნაყეურის ლაივ კონცერტი 18:00 საათზე გაიმართება. ღონისძიება ანსამბლის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, დიდ ხელოვანს – ნუგზარ კურცხალიას ხსოვნას მიეძღვნება.

ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“ 2001 წელს შეიქმნა. 2004 წელს ანსამბლი იყო საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ ერთ-ერთი მასპინძელი და აქტიური მონაწილე. ამავე წლიდან, აქტიურად მონაწილეობს ფოლკლორულ ფესტივალ „არტ-გენის“ ორგანიზებაში. 2005 წელს, ანსამბლმა კონცერტები უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გამართა. 2009 წელს „ჩვენებურებმა“ კონცერტები გამართა ესტონეთსა და ლატვიაში. 2006 წლის 23 ნოემბერს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) წევრი ქვეყნების რიგის სამიტის დროს „ჩვენებურებმა“ საქართველოს მხარდასაჭერი კონცერტი ქალაქ რიგაში ჩაატარა. 2007 წლის 26 მაისს, ანსამბლი „ჩვენებურები“ ქართველ მუსიკოს და კომპოზიტორ ზაზა კორინთელთან (ზუმბა) ერთად, მისივე სიმღერით „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, გახდა ეროვნული კონკურსის „პატრინოტის“ გამარჯვებული.

„ხალხური საღამოების“ მიზანია ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ტრადიციული შემსრულებლობის მხარდაჭერა.

ამასთანავე, ფოლკლორის ცენტრი უერთდება გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება
არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, წელს კამპანია ონლაინ სივრცეში ტარდება და მისი თემატიკაა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში გლობალური პანდემიის დროს.
კამპანიას ვუერთდებით ჩვენს პროექტთან „ხალხურ საღამოებთან” და მონაწილე ანსამბლებლან ერთად. ლაივ კონცერტების მეშვეობით მოგიწოდებთ ყველას ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ.

გასულ წელს, „ხალხური საღამოების“ ფარგლებში 10 ფოლკლორულმა ანსამბლმა: ადილეიმ, სახიობამ, დიდგორმა, ანჩისხატმა, შილდამ, სათანაომ და შავნაბადამ, – კონცერტები გამართეს საქართველოს ქალაქში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განახლებულ დარბაზში კი კონცერტები ჩაატარეს რიჰომ (მესტია), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და ნადურმა (წყალტუბო).

პროექტი ხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული რეგულაციების დაცვით.
_________________________

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...