სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისათვის რეკომენდაციები შემუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირის და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ოკუდა ჰისაკათსუმ შეხვედრის მონაწილეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტთა რეკომენდაციები აბსოლუტურად ემთხვევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვას. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უფრო დავაჩქარებთ კოოპერატივების განვითარების ტემპს, სრულყოფილს გავხდით იმ მიდგომებს, რომელიც საშუალებას მისცემს კოოპერატივებში გაერთიანებულ თითოეულ ფერმერს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეკონომიკური სარგებელი“, -აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შემუშავებული რეკომენდაცია მოიცავს საქართველოში „ერთი თემი ერთი კოოპერატივის“ წარმატებული მაგალითის შექმნას. კოოპერაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იმისათვის, რომ სოფლებში შეიქმნას კოოპერატივები, რაც დამატებით სამუშაო ადგილების გაჩენას და სოფლიდან მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს.

„ვიზიტის ფარგლებში, შევხვდით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი კოოპერატივების წარმომადგენლებს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, კოოპერატივების განვითარებისთვის რეკომენდაციები შევიმუშავეთ. კოოპერატივების გაძლიერებისათვის ასევე მნიშვნელოვანია მეპაიეთა ცოდნის ამაღლება და მენეჯმენტის უნარების გაძლიერება“, – აღნიშნა ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ოკუდა ჰისაკათსუმ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ექსპერტთა საქართველოში ვიზიტი განხორციელდა სამინისტროს უწყების – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტის მომდევნო ეტაპი გულისხმობს სასწავლო კურსის შედგენას, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები იაპონიაში გაივლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად