რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქში ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო შეიქმნება

აღნიშნული სიახლე, დღეს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ ბიზნესმენებს პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში“ გამართულ შეხვედრაზე გააცნო. შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესმენებთან ერთად, რუსთავის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ასევე რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე ესწრებოდნენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების პრეზენტაცია გაიმართა. ირაკლი ტაბაღუამ საბჭოს მიზნებზე და ამოცანებზე ისაუბრა.

“ბიზნესმენთა საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, იმდენად, რამდენადაც ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება ბიზნესის სფეროში და წარმატებულები არიან საკუთარ საქმიანობაში. მათი ინტერესი, რომ იყვნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები და მიიღონ მონაწილეობა ქალაქის გლობალური საკითხების გადაწყვეტაში, ეს რა თქმა უნდა ქალაქისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც, შემდგომი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ქალაქი რუსთავი მესამე წელია ჩართულია საერთაშორისო ინივციატივებში – ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, გასული წლის დეკემბერში, რუსთავს, პოლონეთის ქალაქ ჩელაჯის თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო პოლონეთის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება.

,, ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს დებულების საბოლოო ვერსიას, ჩვენ რუსთაველ ბიზნესმეენებთან კონსულტაციისა და რეკომენდაციების შედეგად შევიმუშავებთ. საბჭოს შემადგენობაში შევლენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსის“ წარმომადგენელი და იურისტი, რომელსაც სამეწარმეო სამართალში გარკვეული რეკომენდაციების მომზადებაში აქვს გამოცდილება“, – განაცხადა რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს მიზნებია: ბიზნესსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მეტი კოორდინაცია, ბიზნესსექტორის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, პრობლემების იდენტიფიცირებაში და გამოწვევების დაძლევაში.

კომენტარები
იტვირთება...