პაატა ბაირახტარი გიორგი ვაშაძეს – “პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება”

„პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება” , – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ვიდეორგლოსაც, რომელშიც საპენსიო სესხებზეა საუბარი.

“ბანკები და ფინანსები” ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას წინასაარჩევნოდ კონკრეტული პროგრამა რომ არ აქვთ ხოლმე, ეს ახალი არავისთვისაა და ალბათ, ასე თუ ისე, მივეჩვიეთ კიდეც ამას. თუმცა, ამჯერად სარეკლამო რგოლებშიც კი ერთმანეთთან შეუსაბამო განცხადებებს ვისმენთ.

კი, ისევ პენსიების თემასა და ბატონი ვაშაძის ვიდეოს მინდა შევეხო, სადაც “უსამართლოდ ძვირ” საპენსიო სესხებზეა საუბარი.  პირველი, რაც მინდა ვთქვა –  პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილობრივ არჩევნებზე პენსიების თემით სპეკულირება ხდება. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შუაშია ერთმანეთთან, თვითმმართველობის არჩევნები და საპენსიო სესხებზე პროცენტის თემა, ან როგორ უნდა გადაჭრას მერიამ და საკრებულომ საბანკო-საფინანსო საკითხები.

შესაბამისად, აშკარაა, რომ თითქოს პროგრესული ვაშაძის პარტია უფროსი თაობის 800.000-მდე ადამიანის გულის მოგებას აბსოლუტურად გაუმართლებელი მეთოდებით ცდილობს.  გარდა ამისა, ვაშაძის პარტიას უკვე დაწყებული აქვს მსჯელობა საპენსიო საკითხებზე. თუმცა, სამწუხაროდ, მათგან არც ერთი კონკრეტული მსჯელობა არ მოგვისმენია.

გასაოცარია, როგორ ახერხებენ პოლიტიკოსები პროცენტზე, სესხზე, ბანკებზე, ეკონომიკასა და ფინანსებზე რიცხვების და კონკრეტული მაჩვენებლების გარეშე საუბარს. ასევე, სამწუხაროა, რომ გარდა ტრაფარეტული განცხადებებისა, ვერც ერთი კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ.  ბატონი ვაშაძის წარმომადგენლების მხრიდან ისმის საუბარი, რომ ერთი ბანკის მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხი (რასაც ვაშაძე ე.წ. საპენსიო სესხს ეძახის) ძვირია, თან არაადამიანურად ძვირი.

მაგრამ გაუგებარია რაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ძვირია? როგორ დათვალეს, რომ ძვირია? ან რასთან შედარებით არის ძვირი? ან იაფი რამდენია?  მოკლედ ბევრი კითხვა არსებობს, რომელზეც სამწუხაროდ კონკრეტული ანალიზის გარეშე, მხოლოდ სადღეგრძელოებით ვისმენთ საუბარს.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გვთავაზობს გიორგი ვაშაძე ამ საპროცენტო განაკვეთის შემცირება-რეგულირებას და რა უნდა იყოს საპენსიო სესხის სამართლიანი ფასი. როგორც უკვე ვახსენე, იგივე ტიპის პროდუქტი სხვა კომერციულ ბანკებში კიდევ უფრო ძვირად ფასობს.

მით უფრო მაშინ, როდესაც „მესამე ძალის“ მიერ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთების „რეგულირების“ სქემა, მსუბუქად, რომ ვთქვათ ბუნდოვანია და ამაზე ადრეც გავამახვილე ყურადღება უფრო დეტალურად. და ისევ – პოპულიზმით საქმე არ კეთდება, ბატონებო“, – წერს ბაირახტარი.

წყარო: bfm.ge

კომენტარები
იტვირთება...