იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისს ექნება მკაფიოდ განსაზღვრული კულტურის განვითარების სტრატეგია

ევროკავშირის პროექტის EU4Culture-ს საერთაშორისო კონფერენცია „კულტურის განვითარების სტრატეგიები“ გაიმართა. პანდემიის გამო, კონფერენცია ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

კონფერენციის მიზანი იყო წარმოედგინა შერჩეული ქალაქები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც გადაეცემათ გრანტები კულტურის განვითარების სტრატეგიების შემუშავებისთვის.

კონფერენცია 2 მთავარი სესიისგან შედგება:

პირველი სესია დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 მონაწილე ქვეყნიდან
შერჩეული ქალაქების პრეზენტაციას. ასევე, რეგიონებში კულტურისა და შემოქმედებით
სექტორში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე მსჯელობას.

მეორე სესია მიმართული იყო ქალაქების წარმომადგენლებზე (დეპარტამენტების
დონეზე) და დაინტერესებულ მხარეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან კულტურის
განვითარების სტრატეგიის მომზადებაში. ექსპერტებმა წარმოადგინეს საუკეთესო
გამოცდილებები და ზოგადი სახელმძღვანელოები სტრატეგიების მომზადებისთვის.
ასევე, წარმოდგენილი იქნა რეგიონული ქსელის კონცეფცია.

ქუთაისი EU4Culture-ს საერთაშორისო კონფერენციაზე ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა წარადგინა.

„ქუთაისი ისტორიულად ყოველთვის იყო რეგიონის კულტურული ცენტრი , ამავდროულად, მასაზრდოებელი წყარო კულტურის სხვადასხვა ჟანრისა თუ მიმართულებისა. არ არსებობს შემოქმედებითი სფერო, სადაც ქუთაისელ ხელოვანებს და შემოქმედებს უმაღლესი მწვერვალისთვის არ მიეღწიათ. ამიტომაც, ორმაგად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რომ ქალაქს ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული კულტურული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს ტრადიციებზე და ამავდროულად, გაითვალისწინებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მოხარული ვართ, რომ სწორედ ქუთაისი შეირჩა ევროკავშირის საგრანტო კონკურსში EU4Culture და მივიღებთ გრანტს კულტურის სტრატეგიის მოსამზადებლად. ქუთაისის კულტურის სტრატეგიის შექმნა ხელს შეუწყობს არამხოლოდ თავად კულტურის სფეროს განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის მდგრადი განვითარების პროცესში.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პანელურ დისკუსიაზე ქალაქების წარმომადგენლებმა გაცვალეს იდეები
საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის შესახებ. ქუთაისის გამოცდილების და მიღწევების შესახებ ისაუბრა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც 2021 –2024 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეგიონების ქალაქების კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერა.

კომენტარები
იტვირთება...