თორნიკე რიჟვაძე- მაღალმთიანი აჭარისთვის ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება განვითარების ახალი ეტაპი იქნება

მაღალმთიანი აჭარისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის, ხულო-ზარზმის პროექტის დასრულება, განვითარების ახალი ეტაპი იქნება- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად მან ხულო-ზარზმის გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლები უკვე წლებია ელიან ხულო-ზარზმის პროექტის განხორციელებას

„ მაღალმთიანი აჭარა, აქ მაცხოვრებლები უკვე წლებია ელიან ამ პროექტის განხორციელებას, მის დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ერთიანი ჩართულობით, პირველ რიგში რა თქმა უნდა სამინისტროს , ასევე კონტრაქტორი კომპანიების კიდევ უფრო მეტი მონდომებით დათქმულ ვადებში შევძლებთ ამ პროექტის დასრულებას , რომელიც იქნება მაღალმთიანი აჭარისთვის და სამცხე-ჯავახეთისთვის განვითარების ახალი ეტაპი“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზაზე ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნის ორ რეგიონს – სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაიზრდება ორივე რეგიონის ტურისტული ნაკადები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობისათვის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

კომენტარები
იტვირთება...