თეა წულუკიანმა აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 76-ე საზოგადოებრივი ცენტრი აბაშაში საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აბაშის მერი ლევან მაკალათია, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი სამეგრელოს რეგიონში რიგით მეშვიდეა. ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ორსანტიაში, რუხში, ჯვარში, ჯგალში, ჭალადიდსა და ლესიჭინეში.

თეა წულუკიანმა მკვიდრ მოსახლეობას სიტყვით მიმართა, ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ცენტრი აბაშისა და მიმდებარე 36 სოფლის 23000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება.

საზოგადოებრივი ცენტრი აბაშაში თამარ მეფის ქუჩაზე აშენდა. ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, აბაშის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად