ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მუშაობას შეუდგა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია, მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.

მამუკა წოწერია თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა, ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ის იქნება საუკეთესო მერი მუნიციპალიტეტებს შორის.

მამუკა წოწერიამ ზუგდიდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ყოველი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით და განვითარების ტემპი, არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. იწყება პერიოდი დაუღალავი მუხლჩაუხრელი შრომის და განვითარება გახდება კიდევ უფრო ხელშესახები.

,,დღეს ოფიციალურად შევუდექი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებას, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს ამ უდიდესი ნდობის მანდატისთვის. თითოეული ჩემი სამუშაო დღე იქნება გამსჭვალული პასუხისმგებლობით, არა მარტო ჩემი, არამედ მერიის თითოეული თანამშრომლის, რათა განვითარების ტემპი არა მარტო შენარჩუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს“. -აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გამოკვეთილია გარკვეული პრიორიტეტები, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები მათ განსახორციელებლად. მისი მმართველობის პერიოდი იქნება დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომის, რათა განვითარება გახდეს კიდევ უფრო ხელშესახები და თითოეული მოსახლის კეთილდღეობაზე ორიენტირებული.

კომენტარები
იტვირთება...