დავით სონღულაშვილი: ახლა, სწრაფი ნაბიჯების და ეფექტური ქმედებების დროა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილი ინიციატივების თაობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველა ახლა ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ პოსტსაარჩევნო რეჟიმიდან საქმიანობის ჩვეულებრივ რიტმზე და გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პოზიტიური ცვლილების პროცესი, რათა ერთის მხრივ, ეფექტიანად ვმართოთ კოვიდ-19-ის პანდემია და მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და შესაბამის ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ახლა სწრაფი ნაბიჯების და ეფექტური ქმედებების დროა, რომელიც თან საკმაოდ შეზღუდულიცაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, პრემიერმინისტრის მიერ გახმოვანებული ინიციატივები და გეგმები, რომლებიც სოციალური პოლიტიკის გაჯანსაღებასა და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს მოიცავდა, ძალზედ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.“ – აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
დავით სონღულაშვილმა სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით ხაზი გაუსვა გრძელვადიან შედეგებსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტაცია.
„პირველ რიგში, მინდა მოვიწონო და მხარი დავუჭირო პარადიგმის ცვლილებას, რაც სოციალური პოლიტიკის ცხოვრებაში განხორციელების 360 გრადუსით შემოტრიალებას გულისხმობს. ერთი შეხედვით მარტივია იმის თქმა, რომ სოციალური დახმარება უნდა ჩანაცვლდეს დასაქმებით. ყველასთვის ნათელია, რომ სწორედ ეს სჭირდება მოსახლეობასაც და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც. ჩვენ, ხელისუფლებამ, ასევე მოსახლეობამ, სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და პოლიტიკურმა მოთამაშეებმაც ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ გრძელვადიან შედეგებსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტაცია. პოლიტიკური პოპულიზმის და გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობით მანიპულაცია, რაც ხშირად სოციალური დახმარების მუდმივი ზრდის დაპირებებსაც მოიცავს, უნდა დასრულდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მიდგომა სწორი და დროულია, თუმცა ამ მიმართულების რეალიზაცია იქნება რთული და აქ იქნება საჭირო მთავრობის ეფექტური მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევან დავითაშვილის ჯგუფი გაართმევს ამ ამოცანას თავს და ჩვენი კომიტეტიც აქტიურად იქნება ჩართული პროცესში,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
გარდა სოციალური პოლიტიკისა, დეპუტატმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის ტემპებსა და ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომელსაც მთავრობა 10 წლიან განვითარების გეგმის ფარგლებშ გეგმავს.
„მნიშვნელოვანია ასევე მთავრობის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ონლაინ კაზინოების საქმიანობის რეგულაციების გამკაცრებას. სამწუხაროდ, ეს აზრი თავიდან აღიქვეს, როგორც მთლიანად სექტორის ოპერირების შეჩერების მცდელობა და მინდა ვთქვა, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა. სათამაშო ბიზნესის მკაცრი კონტროლი ნებისმიერი განვითარებული ეკონომიკის მახასიათებელია და ჩვენც ამ გზით უნდა წავიდეთ. უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, გაიზარდოს გადასახადები და შეიზღუდოს რეკლამა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაზინოების და ონლაინბეთინგის კომპანიების საქმიანობა უნდა შეჩერდეს. კანონმდებლობის გამკაცრების კუთხით ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ევროპული გამოცდილებით და ვიპოვნოთ ოქროს შუალედი ბიზნესის ინტერესებსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის. არც კომპანიები არ უნდა დაზარალდნენ და არც მოქალაქეებს უნდა შეექმნათ ფინანსური პრობლემები. დამაიმედებელია ეკონომიკური ზრდა და ეს ტემპები ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება იმ ინიციატივებსა და ახალ პროგრამებს, რომელიც, როგორც პრემიერმინისტრმა დააანონსა, უნდა გაგვაცნონ მთავრობის წევრებმა უახლოეს ხანებში. ჩვენ დაველოდებით ახალ გეგმებს და კომიტეტი აუცილებლად ჩაერთვება ეკონომიკური რეფორმების პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ასევე – საზედამხედველო კუთხით. ამასთან, ჩვენ გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია სხვადასხვა სექტორის, ბიზნესკომპანიების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ამ მიმართულებით, რათა ამ პროცესში მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივები მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

კომენტარები
იტვირთება...